საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002363795
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№770აპ-18 ქ. თბილისი
ბ. ო. 770აპ-18 7 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლისა და მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ- ს და გ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო. ბ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ო. ბ-მ, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ- ს რ-ს სოფელ ტ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში შეინახა 1 ცალი 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომელიც მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რაც ამოიღეს 2017 წლის 13 ივნისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. მანვე, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ- ს რაიონის ს. ტ-ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფში შეინახა ფეთქებადი ნივთიერება - 3043,40 გრამი დენთი, ხოლო სახლის სათავსებში - 18 ცალი 7,62 მმ კალიბრიანი ,,ნ-ს“ კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილი ვაზნა, ასევე ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და სათავსებში შეინახა 5,45 კალიბრიანი ,,კ-ს“ კონსტრუქციის 1974 წლის ,,...“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, იქვე შეინახა 86 ცალი 5,45 მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის განკუთვნილი ვაზნა და 1 ცალი ,,...“ ამფეთქი ფალია, რაც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა 2017 წლის 20 ივნისს, ო. ბ-ს სახლის, დამხმარე სათავსების, მიწის ნაკვეთისა და სათავსების ჩხრეკისას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღი მიეკუთნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია როგორც ცალკეულ, ისე ავტომატური რეჟიმით სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; ამფეთქი ფალია წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და ვარგისია გამოსაყენებლად; ამოღებული დენთი წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას, რომელიც ვარგისია ასაფეთქებლად.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით ო. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი ო. ბ-ს მიმართ. ო. ბ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული საბრძოლო მასალის - 1 ცალი 7,62 მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნის უკანონო შეძენა-შენახვა, საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერების - 3043,40 გრამი დენთის უკანონო შეძენა-შენახვა და საცხოვრებელი სახლის სათავსიდან ამოღებული საბრძოლო მასალის - 18 ცალი 7,62 მმ კალიბრიანი ,,ნ-ს“ კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძლო ვაზნის შეძენა-შენახვა და ამ ნაწილში ო. ბ. გამართლდა;
ო. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის ცვლილებამდე მდგომარეობით) ცეცხლსასროლი იარაღის - 1974 წლის ,, ... “ მოდელის ,,კ-ს“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის - 86 ცალი 5,45 მმ კალიბრიანი ,,კ-ს“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის - 1 ცალი ,,.... “ ამფეთქი ფალიის უკანონო შეძენისა და შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
ო. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2018 წლის 26 ოქტომბრიდან. მას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
პროკურორი ზურაბ წერეთელი ითხოვს ო. ბ-ს დამნაშვედ ცნობას მისთვის წარდგენილი ბრალდების ყველა კომპონენტში და სანქციის სახით მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ო. ბ-ს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ყველა ქმედების ჩადენა, ხოლო სასჯელი კი, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, ზედმეტად ლმობიერია.
დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებასა და ო. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ო. ბ-ს ეკუთვნის; სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ ბრალდებიდან ამორიცხული საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
9. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის პოზიციაც ო. ბ-ს უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ: საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წამოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: 2017 წლის 13 ივნისის ჩხრეკის ოქმი (რა დროსაც ო. ბ-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მასრა), 2017 წლის 20 ივნისის ჩხრეკის ოქმები (რა დროსაც ო. ბ-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოიღეს 7 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მასრა, ავტოფარეხის შესავლელში, კედელზე ჩამოკიდებული იარაღის საწმენდი - ე.წ. ,,შომპოლი“, ხოლო მისი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ამოიღეს დამარხული კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, 86 ცალი ,,კალაშნიკოვის“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა და 1 ცალი ,,у... “ ამფეთქი ფალია), ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 27 ივნისის დასკვნა (რომლის თანახმადაც, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული 3 მასრა, ო. ბ-ს საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან ამოღებული მასრა და მისივე სახლის საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოღებული 7 ცალი მასრა გასროლილია ო. ბ-ს ნაკვეთიდან ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან; ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს არ ჰქონდა ლულის საწმენდი რკინის ჯოხი - ზუმბა, ე.წ. ,,შომპოლი“), ო. ბ-ს მამის - გ. ბ-ს ჩვენება (რომლის თანახმადაც, იგი დაახლოებით 3-4 წელია, არ ყოფილა სოფელ ტ-ში. სოფელ ტ-დან წამოსვლამდე, სახლსა და სათავსებში ომის პერიოდიდან თუ რაიმე სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა, ყველაფერი შეაგროვა და ჩააბარა პოლიციას. შესაბამისად, მას სოფელ ტ-ში არანაირი სახის საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი არ დაუტოვებია. მისი წამოსვლის შემდეგ ოჯახში მამაკაცი მხოლოდ ო. ბ. იყო), მოწმე ნ. ბ-ს ჩვენება (რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის მაისში, დაახლოებით 01:00 საათზე, ო. ბ-ს სახლიდან გაიგონა ხმამაღალი საუბარი. ესმოდა, თუ როგორ უხსნიდა და ასწავლიდა იგი ახლად მოყვანილ მეორე მეუღლეს იარაღიდან გასროლას. გაიგონა კიდეც სამჯერ გასროლის ხმა. ნ. ბ-მ ო. ბ-ს სახლის მხრიდან ბოლოს 2017 წლის გაზაფხულზე გაიგონა ავტომატიდან 7 თუ 8 გასროლის ხმა. როდესაც მხოლოდ ნ. ბ. და ნ. მ. რჩებოდნენ სახლში, გასროლის ხმები არ ისმოდა. როდესაც სახლში იმყოფებოდა ო. ბ., სწორედ მაშინ ისმოდა გასროლის ხმა როგორც ავტომატიდან, ისე -პისტოლეტიდან), ო. ბ-ს დედის - ნ. მ-ს და ბებიის - ნ. ბ-ს ჩვენებები (რომლებმაც დაადასტურეს საცხოვრებელი სახლისა და ნაკვეთის ჩხრეკებში თავიანთი მონაწილეობა და პოლიციის თანამშრომლების მიერ თითოეული ამოღებული ნივთის პოვნის ფაქტი, თუმცა განაცხადეს, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი მათ არ ეკუთვნით და არც შეუნახავთ), მოწმეების - მ. ი-ს და მ. კ-ს ჩვენებები (რომლებითაც დასტურდება, რომ ხშირად გაუგონიათ ო. ბ-ს სახლის ეზოდან ავტომატის სროლის ხმა, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ო. ბ-ს მამა აღარ ცხოვრობდა სოფელ ტ-ში), დ. და ბ. გ-ს ჩვენებები (რომლებითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 13 ივნისს ო. ბ-მ მათი ავტომანქანით დატოვა ქ-ს რაიონის სოფელი ტ. . გზაში განუცხადა მათ, რომ მომხდარი მკვლელობის გამო პოლიცია გაჩხრეკდა ყველაფერს და თუ ვინმეს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, უნდა გადაემალა, თვითონაც გადამალა, რაც გააჩნდა) - უტყუარად ადასტურებს ო. ბ-ს მიერ მისთვის გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
10. პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ მითითებულ საქმეში №294აპ-15 გამართლებულ რ.ა.-ს მიმართ არსებობდა მოცემული საქმისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებითი ბაზა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლისა და მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ-სა და გ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე