საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
2კ-780აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001829049

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№780აპ-18 ქ. თბილისი

ფ. ბ. 780აპ-18 7 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ ბ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. ფ-მ, – დაბადებულმა 1... წელს, – ჩაიდინა: ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება; ქონების მესაკუთრის/მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ბ. ფ-მ განიზრახა, ნათესაურ და ახლო კავშირში მყოფი პირების პარტნიორობით რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიის სახელით განეხორციელებინა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, საგადასახადო (საბაჟო) ორგანოებთან ურთიერთობისას კი კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახდელების გადახდა დაეფიქსირებინა კომპანიის გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოქმნილი ჩასათვლელი თანხებით, რათა თვითონ მიეღო მეტი ფინანსური სარგებელი.

· ზემოაღნიშნული მიზნით ბ. ფ-მ 2012 წლის ნოემბერში შეარჩია მასთან დაახლოებული პირი ი. კ. (პ/ნ 0....), რომელსაც თავისი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ჰქონდა შპს „ს...“ (ს/ნ 4....). ბ. ფ-მ შპს „ს...-ს“ სახელით 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 1 370 418.53 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. მან იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე სრულად მოახდინა, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 555 931 ლარის საქონელი, ხოლო 814 487.53 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

· ბ. ფ-მ შპს „ს..-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 250 483 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 218 242.80 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 32 240 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

· ბ. ფ-მ ზემოაღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად 2013 წლის ივნისში შეარჩია თავისი სიდედრი მ. ფ. (პ/ნ ....), რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა შპს „მ...“ (ს/ნ 4....). ბ. ფ-მ შპს „მ-ს“ სახელით 2013 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 8 633 507 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია მან სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 6 564 311 ლარის საქონელი, ხოლო 2 069 196 ლარის საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

· ბ. ფ-მ შპს „მ-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიგებული 1 580 791 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 1 499 256 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 81 534 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

· ბ. ფ-მ ზემოაღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად 2013 წლის დეკემბერში შეარჩია თავისი ცოლის მამიდა დ. კ. (პ/ნ 6..... ), რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა შპს „მ.“ (ს/ნ 4....). ბ. ფ-მ შპს „მ-ს“ სახელით 2013 წლის ივნისიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 5 506 139.23 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია მან სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 4 384 410 ლარის საქონელი, ხოლო 1 121 729.23 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

· ბ. ფ-მ შპს „მ-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 1 084 705 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 983 009 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას არ გადაიხადა 101 696 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

· ბ. ფ-მ მსგავსი სქემის გამოყენებით განახორციელა შპს „ე-ს“ (ს/ნ 2..., დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელი – ი. ვ. (პ/ნ 6.... ), ხოლო 25%-იანი წილის მფლობელი – მ. გ. (პ/ნ 6...)) სახელით ხილ-ბოსტნეულის იმპორტი საქართველოში. მან შპს „ე-ს“ სახელით 2015 წლის მარტიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 3 367 910.99 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ბ. ფ-მ სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 1 394 390 ლარის საქონელი, ხოლო 1 973 520.99 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში.

· ამავე პერიოდში დღგ-ში ჩასათვლელი თანხის ხელოვნურად წარმოქმნის მიზნით, 2015 წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში ბ. ფ-მ დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები – 0..., 0...., 0...., 0..., 0.... – დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი დეკლარაციები, რაც წარადგინეს საგადასახადო ორგანოში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო შპს „ე-ს“ გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

· ბ. ფ-მ შპს „ე-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 676 359 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 638 342 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას არ გადაიხადა 38 342 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ, ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

· ბ. ფ-მ ზემოთ მოცემული სქემის გამოყენებით განახორციელა შპს „ნ-ს“ (ს/ნ 4..., რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო გ. მ. ) სახელით ხილ-ბოსტნეულის იმპორტი საქართველოში. მან შპს „ნ-ს“ სახელით 2015 წლის მაისიდან 2016 წლის აგვისტომდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 7 157 749.46 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის რეალიზაცია ბ. ფ-მ სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 2 072 773 ლარის საქონელი, ხოლო 5 084 976.46 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

· ბ. ფ-მ შპს „ნ-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 1 446 399 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 411 095.55 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას არ გადაიხადა 1 035 303 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

· ჯამურად ბ. ფ-მ იმპორტირებული პროდუქციიდან 11 063 910.21 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში და ზემოაღნიშნული სქემით 1 289 115 ლარით მოტყუებით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

· ბ. ფ-მ ზემოთ დასახელებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი სახსრებით (ქონებით) უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დამალვა/შენიღბვის მიზნით, შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 464 264 ლარის ქონება (ბ-ში, ზ. გ-ს ქ. №.., №...-ში მდებარე, 60,9 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა , ს/კ ...; ბ-ში, ზ. გ-ს ქ. №.., №...-ში მდებარე, 70,9 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა, ს/კ 0... ; ბ-ში, ზ. გ-ს ქ. №.. , №..-ში მდებარე, 65,9 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა, ს/კ ... ; ავტომანქანები: „MERCEDES-BENZ ML350“, სახელმწიფო ნომრით X... , „LAND ROVER RANGE ROVER SPORT“, სახელმწიფო ნომრით S... ), რომელიც დაარეგისტრირა თავის და თავისი მეუღლის – ხ. კ-ს (პ/ნ 6...) სახელზე/ საკუთრებაში, რითაც აღნიშნულ უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას მისცა კანონიერი სახე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბ. ფ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 17 დეკემბრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ფ-მ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის/მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ბ. ფ-მ განიზრახა ნაცნობის – ი. ვ-ს თანხმობით, მისივე კუთვნილი შპს „ე-ს“ სახელით განეხორციელებინა საქართველოში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, საგადასახადო (საბაჟო) ორგანოებთან ურთიერთობაში კი კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახდელების გადახდა დაეფიქსირებინა კომპანიის გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოქმნილი ჩასათვლელი თანხებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

· ბ. ფ-მ შპს „ე-ს“ სახელით (ს/ნ 2... , დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელი – ი. ვ. (პ/ნ 6... ), ხოლო 25%-იანი წილის მფლობელი – მ. გ. (პ/ნ 6...)) სახელით 2015 წლის მარტიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 3 367 910.99 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ბ. ფ-მ სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 1 394 390 ლარის საქონელი, ხოლო 1 973 520.99 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო შპს „ე-ს“ გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

· ბ. ფ-მ შპს „ე-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიგებული 676 359 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 638 342 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას არ გადაიხადა 38 017 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ, ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორი დავით ჭარბაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ბ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი სასჯელების განსაზღვრას, ასევე – უკანონო, დაუსაბუთებელი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსათვის გადაცემას იმ მოტივით, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ბ. ფ-ს მიერ ზემოთ მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

6. კასატორი – მსჯავრდებულ ბ. ფ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ფ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. ფ-ს დამნაშავედ ცნობისათვის პროკურორის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი კვალიფიკაციით.

10. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდების მხარის მოთხოვნას ბ. ფ-ს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ მითითებული ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების – ი. ვ-ს, ს. გ-ს, დ. ძ-ს, ჯ. ტ-ს, ნ. დ-ს, მ. მ-ს და სხვათა ჩვენებებით, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებითა და ინვოისებით, ანგარიშფაქტურა-ინვოისებით, ბ. ფ-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, შპს „ე-ს“ სახელით წარმოებული დოკუმენტაციით, საბაჟო დეკლარაციებით, მინდობილობებით, სალაროაპარატების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული ბ. ფ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის – შპს „ე-ს“ სახელით სახელმწიფოსათვის 38 017 ლარი ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტი.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ ბ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე