საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100117002011444
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№804აპ-18 ქ. თბილისი
თ. გ. 804აპ-18 17 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. თ-ს და ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით:
ნ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ნ. მ-ს მიმართ შეწყდა დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ნ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 ივნისიდან იმავე წლის 12 ივნისის ჩათვლით.
ნ. მ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
გ. თ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 ივნისიდან იმავე წლის 12 ივნისის ჩათვლით.
გ. თ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ნ. მ-ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა ნ. მ-მ გ. თ-სთან წინასწარი შეთანხმებით, 2017 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში, ს-ს რ- ს სოფელ მ-ში, ე.წ „ტ. უ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, უკანონოდ დაამზადა და შეინახა 0,05033 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მორფინი“ (მარილი). 2017 წლის 5 ივნისს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საქართველოს შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევ ნ. მ-ს 2017 წლის 5 ივნისს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმებისას, ლაბორატორიული გამოკვლევით კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარება.
გ. თ-ს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2017 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში, ს-ს რ-ს ს. მ-ში, ე.წ „ტ. უ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გ. თ-მ ნ. მ-სთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ დაამზადა და შეინახა 0,05033 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ (მარილი). 2017 წლის 5 ივნისს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საქართველოს შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს გ. თ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ნ. თ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებასა და მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
6. საკასაციო საჩივრების მიხედვით, დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მოთხოვნით სასამართლომ მტკიცების მოვალეობა დაცვის მხარეს დააკისრა. ნ. მ-ს ჩვენებით, ნარკოტიკის დამზადებას რამდენიმე საათი სჭირდება, ხოლო შემთხვევის ადგილზე კი უკვე მზა ნარკოტიკი ამოიღეს. ამდენად, შეთანხმების შემთხვევაში გ. თ. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათით ადრე უნდა მისულიყო; პოლიციელების ჩვენებები არასრულადაა ასახული და ამასთან, ისინი ურთიერთსაწინააღდეგოდ განმარტავენ მსჯავრდებულთა მოქმედებებს შემთხვევის ადგილზე. მაგ., გ. ლ. უთითებს, რომ დაინახა ადგილზე მყოფებიდან - ზოგი ჭრიდა, ზოგი გაზქურასთან იყო, ხოლო ი. შ-მ კი მიუთითა, რომ ნ. მ. მზარეულობდა, გ. თ. კი იდგა; სასამართლომ ზუსტად არ განსაზღვრა, თუ როდის შეთანხმდნენ მსჯავრდებულები დანაშაულის ჩასადენად. მხოლოდ იმ ფაქტის მითითება, რომ მათ ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდათ, მტკიცებისათვის არასაკმარისია. ნ. მ-მ ჩვენებაში აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილას ამოღებული საგნები მას ეკუთვნის და მანვე შეიძინა. გ. თ-მ კი იმ დღეს მხოლოდ მისი მონახულება გადაწყვიტა; თ-ს შემთხვევის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენას ადასტურებს ბ. ბ-ს ჩვენებაც.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოწმეების - მ. ჭ-ს, ი. შ-ს, გ. ლ-ს, ზ. ტ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ. მ-ს და გ. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა და მოწმე ბ. ბ-ს ჩვენების შეფასების ნაწილში).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - გ. თ-ს და ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე