საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002449725
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№73აპ-19 ქ. თბილისი
ს-ი დ, 73აპ-19 24 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ქეთევან თალაკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დ. ს-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე, ს-ში, ა-ის ქუჩაზე, დ. ს-მა ,,დოჯ ქარავანის“ მოდელის (სახელმწიფო ნომერი: ---) ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 (,,მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით, როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“) და 32.9 (,,მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას...“) მუხლების მოთხოვნები. დ. ს-მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, განახორციელა მარჯვნიდან მარცხნივ მოხვევის მანევრი, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და დაეჯახა ,,ნისან მიკრას“ მოდელის (სახელმწიფო ნომერი: --) ავტომობილს, რომელსაც ი. დ-ე მართავდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მძღოლმა - ი. დ-მ და მისმა მგზავრმა - ზ. ბ-ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ქეთევან თალაკვაძემ, რომელმაც ითხოვა დ. ს-ისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ. ს-ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია, კერძოდ: შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა (არის პენსიონერი, მინიჭებული აქვს შშმპ - მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხი, დაავადებულია ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი) და ასაკის (- წლისაა) გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის გამკაცრება.
8. აქედან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ქეთევან თალაკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე