საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002614670
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №31აპ-19 ქ. თბილისი
ს-ე თ, 31აპ-19 15 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თ. ს-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 26 მაისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, თ-ში, №-ში, თ. ს-ემ ს. მ-ეს სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, აცეტონის ფლაკონიდან რამდენჯერმე შეასხა აცეტონი სახესა და ტანის არეში და წაუკიდა ცეცხლი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს. მ-ის სხეულზე, კერძოდ, მარცხენა ლოყის, ნიკაპსა და ნიკაპქვეშა მიდამოებზე, კისერზე მარცხნივ, მარცხენა ბეჭზედა მიდამოში, გულმკერდისა და მუცლის წინა ზედაპირებზე ორმხრივ, მარჯვენა ბარძაყის მიდამოში და მარცხენა მტევანზე აღენიშნება ალაგ რამდენიმე რელიეფური ზედაპირისა და პერიფერიაზე - მოყავისფრო პიგმენტაციის მქონე მრავლობითი ნაწიბურები, რომლებიც წარმოადგენს ამავე მიდამოებში არსებული დამწვრობითი უბნების შეხორცების შემდგომ კვლებს. დამწვრობა განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ თარიღს. სახეზე, მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული ნაწიბური არ იწვევს სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას, ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: სასჯელის შემსუბუქებას იმ მიმართებით, რომ თ. ს-ეს დანიშნული საპატიმრო სასჯელიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობითად შესაბამისი გამოსაცდელი ვადით.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
6. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასჯელის მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს), ასევე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათის, ხერხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით (ცეცხლის წაკიდებით გამოიწვია დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება), თ. ს-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე