საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
2კ-189აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002144138

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №189აპ-19 ქ. თბილისი

ტ-ი შ, 189აპ-19 13 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით შ. ტ-ი, - დაბადებული ... წლის .... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 8 სექტემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ. თ-ი, ი. ჭ-ს გამზირის N...-ში მდებარე შპს „პ-ს“ შენობაში, მთავარ შესასვლელთან, შ. ტ-ა თავის მეუღლე თ. ტ-ს დანის გამოყენებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა ჭრილობები გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში, რის შემდეგაც თ. ტ-ე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ შ. ტ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ტ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კასატორის მოსაზრებით, შ. ტ-ს არ ჩაუდენია განზრახ მკვლელობის მცდელობა, მისი დანაშაულებრივი ქმედება მოქცეულია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფარგლებში, უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობით ან თუნდაც, მის გარეშე და სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს.

5. კასატორის მითითებით, შ. ტ-ს არ ჰქონია თავისი მეუღლის - თ. ტ-ს მოკვლის განზრახვა, ვინაიდან მას უყვარს მეუღლე; სასამართლომ არ ახსნა ის გარემოება, თუ რატომ მიიყენა თვითდაზიანება შ. ტ-ა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. დაზარალებული მოწმის - თ. ტ-ს ჩვენება, მოწმეების - ლ. ბ-ა და გ. ნ-ს ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ შ. ტ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტს.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (ფიზიოლოგიურ, პათოლოგიურ აფექტთან დაკავშირებით), რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.

10. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ თ. ტ-ს მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე (მათ შორის - გულ-მკერდის არეში) მიუთითებს მსჯავრდებულის სურვილზე, მოეკლა დაზარალებული.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე