საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
2კ-211აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002249993

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №211აპ-19 ქ. თბილისი

კ. თ. 211აპ-19 24 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თ. კ. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

თ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 დეკემბრიდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე თ. კ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: თ. კ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,216 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, რაც 2017 წლის 16 დეკემბერს ქ-ს რაიონის დ. ჩ-ში, ბ. -ქ-ს საავტომობილო გზაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. კასატორი - მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. კ-ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო ალტერნატივის სახით - თ. კ-ს სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებას, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას.

7. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის №96აპ.-17 განაჩენი, რომელშიც მათ შორის შეფასებულია მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასების კრიტერიუმები, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

8. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების ისეთი საფუძვლის არსებობაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სახელდობრ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

9. ამ თვალსაზრისით, კასატორი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ თ. კ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი არ არის დამყარებული ისეთ უტყუარ მტკიცებულებებზე, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის მიმართ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - მ. ხ-ს, მ. გ-ს, მ. ს-ს, მ. კ-ს და მ. მ-ს ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N.. დასკვნა და ნარკოლოგიური გამოკვლევის N.. დასკვნა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია თ. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

11. რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას თ. კ-ს სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაავადებები არ შედის მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც წარმოადგენს სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველს და შესულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №.. ბრძანებაში (იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს).

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი (მტკიცებულებების დაუშვებლობასა და მტკიცებულებათა საკმარისობაზე) და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ.ალავიძე