დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
2კ-41-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.09.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

41I-19 თბილისი

ნ. ე., 41I-19 30 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორების - ნანიკო ზაზუნაშვილის, დავით ჯავახიშვილის

ადვოკატ - გ. ჩ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ნ-ის

თარჯიმან - ი. ნ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ნ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

1. 2019 წლის 8 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ნ..

2. 2019 წლის 10 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ე. ნ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

3. 2019 წლის 18 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ნ-ის ექსტრადიციის თაობაზე ა-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული მასალები.

4. 2019 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ნ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 8 ივლისამდე.

5. 2019 წლის 13 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ა-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ე. ნ-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

6. 2019 წლის 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ნ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 8 ოქტომბრამდე.

7. 2019 წლის 8 ივლისსა და 19 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ა-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან მიიღო დამატებითი ინფორმაცია ე. ნ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

ე. ნ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები ა-ის რესპუბლიკაში:

8. 2018 წლის 14 მარტს ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველომ გამოსცა დადგენილება ე. ნ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ე. ნ-ს ბრალი ედება ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 (თაღლითობა დიდი ოდენობის ზიანის მიყენებით), 308.1 (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 313-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

9. იმავე დღეს ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებულმა კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველომ გამოაცხადა ე. ნ-ის ძებნა.

10. 2018 წლის 16 მარტს ქ. ბაქოს ბინაგადინის რაიონულმა სასამართლომ ე. ნ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.

11. 2018 წლის 23 აპრილიდან ე. ნ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

ფაქტები:

12. 2008-2015 წლებში საცხოვრებელ კომპლექს “ო--ის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სხვისი ქონების უკანონო დაუფლების მიზნით, ე. ნ-მა მოიპოვა დაზარალებულების ნდობა და მოატყუა ისინი, რომ საბინაო-საცხოვრებელ კომპლექს “ო-ის“ მიერ საცხოვრებელი ფართების მშენებლობა დასრულდებოდა 2015 წლის მაისში და ბინები დაურიგდებოდა მის შემძენ პირებს. ამასთან, ე. ნ-მა მოამზადა ბინების მომავალი მესაკუთრეებისათვის გასაცემი ხელშეკრულებები, ფინანსური ცნობები, სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებსაც მოაწერა ხელი და დაამოწმა ბეჭდით.

13. ე. ნ-ის დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, მის მიზანს თავიდანვე წარმოადგენდა დაზარალებული პირების ფულის დაუფლება ცრუ დაპირებების მიცემით. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, ე. ნ-ს არ შეუსრულებია დაზარალებულებისათვის სიტყვიერად და წერილობით მიცემული დანაპირები ბინების მყიდველთათვის შესაბამის ვადაში ბინების ჩაბარების შესახებ, რამაც გამოიწვია ბინების მყიდველებისათვის დიდი ოდენობით ფინანსური ზიანის მიყენება.

14. ე. ნ-ის დანაშაულებრივ განზრახვაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ 2013-დან 2015 წლამდე პერიოდში, მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებითა და შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებით, ე. ნ-მა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ერთი და იგივე ბინა მიჰყიდა სამ სხვადასხვა პირს და სამივე შემთხვევაში დაზარალებულებისაგან მიიღო ბინის საფასური.

15. ე. ნ-მა 2013-2015 წლებში დაზარალებულებისაგან მიიღო ჯამში 2,130,984.5 მ-ი, საიდანაც თაღლითურად მიისაკუთრა 641,838.6 მ-ი.

16. 2019 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა:

- დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ნ-ის ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 14 მარტის დადგენილებაში ე. ნ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 (თაღლითობა დიდი ოდენობის ზიანის მიყენებით) და 308.1 (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით;

- დაუშვებლად იქნეს ცნობილი ე. ნ-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 14 მარტის დადგენილებაში ე. ნ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 313-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლით.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით:

- დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ნ-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 14 მარტის დადგენილებაში ე. ნ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 (თაღლითობა დიდი ოდენობის ზიანის მიყენებით) და 308.1 (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით;

- დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ნ-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 14 მარტის დადგენილებაში ე. ნ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 313-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლით.

18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.

19. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც ე. ნ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა. ამასთან, ე. ნ. და მისი ოჯახის წევრები იდევნებიან ა-ის რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ა-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ნ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 8 იანვარს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. დაუდასტურებელია დაცვის მხარის მითითება, რომ ე. ნ-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე იარსებებს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, შესაბამის ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება არ არის საკმარისი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკების არსებობის სამტკიცებლად ეს ყოველივე საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. „მამათკულოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დევნისა და უფლებების დარღვევის შესახებ.

5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ა-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა მიხედვითაც, ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ნ. არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიეცემა თავის დაცვის ყველა საშუალება. გარანტიის მიხედვით, ე. ნ-ის გადაცემის შუამდგომლობა მიზნად არ ისახავს პოლიტიკური მოტივით მის დევნას. ამდენად, საკასაციო პალატას არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ა-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოდან, კერძოდ, გენერალური პროკურატურიდან მიღებული გარანტიები.

6. რაც შეეხება კასატორის მითითებას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ იხილება პირის ბრალეულობის საკითხი; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ნ-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 14 მარტის დადგენილებაში ე. ნ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 (თაღლითობა დიდი ოდენობის ზიანის მიყენებით) და 308.1 (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით, - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

8. კანონიერია აგრეთვე იმავე, 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნობილი ე. ნ-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 14 მარტის დადგენილებაში ე. ნ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 313-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე