შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
2კ-258აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.10.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002319426

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№258აპ-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი

მ. შ., 258აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. მ-ს ბრალად წარედგინა:

· ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

· მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 15 სექტემბერს, საღამოს საათებში, კ-ს რაიონის სოფ. გ-ში მდებარე მ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, შ. მ-მა ყოფილ მეუღლეს - მ. მ-ს მოქაჩა თმა ძლიერად, ხოლო ხელი და ტაფის მეტალის სახურავი ჩაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ-ს რაიონის სოფ. გ-ში მდებარე მ. მ-ს საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, შ. მ-მა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეზე - მ. მ-ზე იძალადა და დაემუქრა, კერძოდ, მას ზურგისა და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, ამასთან, მოქაჩა თმა ძლიერად და ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიიღო სხულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 8 იანვარს, ღამის საათებში, შ. მ-მა ყოფილი მეუღლე - მ. მ. ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ფრინველების სადგომში და კარი ჩაუკეტა გარედან ცულით, რითაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით შ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენი შ. მ-ს მიმართ გაუქმდა.

შ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 21 ივნისამდე.

4. კასატორი - შ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ქ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და შ. მ-ს გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ შ. მ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია ამ ნაწილში შ. მ-ს დამნაშავედ ცნობისათვის.

3. პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა და კვლავაც განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს. ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობისას ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლედ წარმოვადგენთ ამ ნაწილში ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების შინაარსს: მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად ცნობილი შეტყობინების ბარათით (წყარო 112) დგინდება, რომ 2018 წლის 8 იანვარს კასპის რაიონულმა სამმართველომ მიიღო შეტყობინება ოჯახური დანაშაულის შესახებ. ზარის ინიციატორია - მ. მ.. სწორედ დაზარალებულის შეტყობინება გახდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების საფუძველი.

5. მოწმეების - ი. ფ-სა და კ. ბ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 იანვარს შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ კ-ს რაიონის სოფელ გ-ში მდებარე შ. მ-ს საცხოვრებელ სახლში. ტელეფონით დაუკავშირდნენ მ. მ-ს, რომლის მითითებითაც იგი ეზოში მდებარე ფრინველების სადგომში ჩაკეტილი იპოვეს. მოწმეთა განმარტებით, კარი ცულით იყო დახურული, ხოლო მისი გაღება შიგნიდან შეუძლებელი იყო. საქათმის კარის გაღებისას მ. მ-მა მათ განუცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - შ. მ-მა და ჩაკეტა ფრინველების სადგომში. დაზარალებულის განცხადების საფუძველზე შ. მ. ადგილზევე დააკავეს.

6. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილ, მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებად მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმადაც, დათვალიერებისას ფრინველების სადგომთან ამოიღეს ცული ხის ტარით; ბრალდებულის დაკავების ოქმსა (ოქმის თანახმად, მ. მ-მა განაცხადა, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შ. მ-მა) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (მ. მ-ს მარჯვენა ბეჭის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 8 იანვარს). მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირის - მ. მ-ს განმარტებით, მეუღლემ ხელი დაარტყა ზურგისა და მუცლის არეში.

7. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულმა მ. მ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის - შ. მ-ს წინააღმდეგ, თუმცა პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პოლიციაში შეტყობინების ავტორი იყო თავად მსხვერპლი - მ. მ. (შეტყობინების რეგისტრაციის N-----). ასევე, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული დააკავეს შეტყობინების შესვლიდან მცირე დროში, მ. მ-ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ. მ-მა (შეტყობინებას რეზოლუცია დაედო 22:29 საათზე, ბრალდებული დააკავეს 22:50 საათზე). დაზარალებულს 2018 წლის 9 იანვარს, 12:08 საათზე, შიდა ქართლის სასამართლო- სამედიცინო განყოფილების შენობაში ჩაუტარეს კვლევა, რის საფუძველზეც გაიცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ის დაზიანებები, რაც გამოკვლევისას აღენიშნებოდა მ. მ-ს, ხოლო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია შესამოწმებელი პირის განმარტება იმის თაობაზე, რომ მ. მ-ს ხელის დარტყმის შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ. მ-მა. ამდენად, შემთხვევიდან (ძალადობიდან და თავისუფლების უკანონო აღკვეთიდან) მცირე დროის გასვლის შემდეგ დაზარალებული ეკონტაქტებოდა შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს, შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებში დაფიქსირებული განმარტებები განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას და პალატას გონივრულად აფიქრებინებს, რომ, დროის ამ მცირე მონაკვეთში მსხვერპლს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ფაქტები დაემახინჯებინა.

8. გარდა ამისა, ი. ფ-სა და კ. ბ-ს დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შეხება, კერძოდ, 112-ის გამოძახებაზე მოახდინეს სწრაფი რეაგირება და იმდენად მცირე დროში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომ იქ დახვდათ ფრინველების სადგომში გარედან, ცულის მიბჯენით ჩაკეტილი მ. მ.. გარდა ამისა, ისინი ჩვენებაში დეტალურად გადმოსცემდნენ განვითარებულ მოვლენებსა და მ. მ-ს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, შესაბამისად, მათი ჩვენებები განსახილველ საქმეში წარმოადგენს უტყუარ და სანდო მტკიცებულებას ბრალის დასადასტურებლად. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ გ-ში შ. მ-მა ყოფილი მეუღლის - მ. მ-ს მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, აგრეთვე ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ფრინველების სადგომში და კარი ჩაუკეტა გარედან ცულით, რითაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

10. რაც შეეხება შ. მ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოხატულ პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - კ. წ-ის, მ. გ-ის, ე. ს-სა და ლ. ა-ის გამოკითხვის ოქმები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

11. საკასაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

12. მოწმე კ. წ-ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის სექტემბერში მ- მ-ა განუცხადა, რომ შ. მ-მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, დაზარალებული იყო აღელვებული, თუმცა გარეგნულად რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს. მან, თავის მხრივ, ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელ მ. გ-ს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე მ. გ-მა.

13. მოწმე ე. ს-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016 წლის სექტემბერში, დაახლოებით 16 სექტემბერს, მასთან მივიდა შ. მ., რომელიც იყო აღელვებული. შ-მ უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ტაფა დაარტა სახეში.

14. 2016 წლის 15 სექტემბერის ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ორი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, ექსპერტიზის - დასკვნის თანახმად, მ. მ-მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2016 წლის 16 სექტემბერს და დაუდგინდა მცირე ზომის კანქვეშა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდისა და ზედა ტუჩის არეში, ხოლო ექსპერტიზის N---- დასკვნით, შ. მ-ს - ორი ნაჭდევი ცხვირის მიდამოში, ნაჭდევი - მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთი - მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე.

15. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ. მ-ს მიერ მ. მ-ზე 2016 წლის 15 სექტემბერს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოწმეები -კ. წ. და ე. ს. სხვადასხვაგვარად აღწერენ 2016 წლის 15 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ორივე პირს - მ. მ-სა და შ. მ-ს აღენიშნებათ დაზიანებები. რაც შეეხება მოწმე ლ. ა-ის გამოკითხვის ოქმს, იგი არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ბრალდების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, ვინაიდან მოწმისთვის უცნობია შ. და მ. მ-ებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

16. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ 2018 წლის 8 იანვარს შ. მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. მ-ს და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეტიც, აღნიშნულ ფაქტზე არ მიუთითებენ არც პოლიციელები, რომლებმაც მ. მ. ნახეს ფრინველების სადგომში ჩაკეტილი და მსგავსი ჩანაწერი არ არის დაფიქსირებული დაკავების ოქმსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში.

17. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: შ. მ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს, გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ შ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად. შესაბამისად, სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ დანაშაულთა სანქციის ფარგლებში და საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით შ. მ-ს უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ქ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

შ. მ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს;

შ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3. შ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 12 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 21 ივნისამდე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე