საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100114688451
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №290აპ-19 ქ. თბილისი
მ. თ. 290აპ-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და მსჯავრდებულ თ. მ-სა და გამართლებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ-ს - დაბადებულს 1… წელს და თ. მ-ს, - დაბადებულს 1…. წელს, – ბრალად ედებოდათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 23 დეკემბერს ქ. თ-ში, გ-ს ქ. №….-ში მდებარე სარეკლამო სააგენტოს ოფისში, იმის გამო, რომ ზ. ბ-ს დათქმულ ვადაში არ დაუმზადეს შეკვეთილი სარეკლამო აბრა და მან ამის თაობაზე გამოთქვა სამართლიანი პრეტენზია, შეკვეთის მიმღებმა თ. მ-მ და მისმა ძმამ დ. მ-მ არ მისცეს ოფისიდან გასვლის საშუალება და გამეტებით ურტყეს მუშტები სახესა და თავში, რითაც ზ. ბ-მ მიიღო თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები – ყურისა და წარბის არეში, მრავლობითი ესკორიაციები –
სახეზე, კანქვეშა ჰემატომებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მანვე მიიღო დაზიანება მარცხენა თვალბუდის ქვედა კედლის ნაზი ხაზოვანი მოტეხილობის სახით, რაც, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხოლო მიღებული დაზიანება - თვალის ნაფლეთი ჭრილობა, თვალშიდა ქსოვილის გამოვარდნითა და დაკარგვით, OS ევისცერაციის შემდგომი მდგომარეობა - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, შრომის უნარის მყარი დაკარგვით ერთ მესამედზე მეტი ნიშნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით:
დ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 4000 ლარი.
ამავე განაჩენით თ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 26 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2015 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
თ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 4000 ლარი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს ქ. თ-ში, გ-ს ქ. №..-ში მდებარე სარეკლამო სააგენტოს ოფისში, ზ. ბ-ს სარეკლამო აბრის დამზადებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დ. და თ. მ-ებთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. თ. მ-მ ზ. ბ-ს გამეტებით ურტყა მუშტები სახესა და თავში, რითაც ზ. ბ-მ მიიღო თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები – ყურისა და წარბის არეში, მრავლობითი ესკორიაციები – სახეზე, კანქვეშა ჰემატომებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მანვე მიიღო
დაზიანება მარცხენა თვალბუდის ქვედა კედლის ნაზი ხაზოვანი მოტეხილობის სახით, რაც, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხოლო მიღებული დაზიანება - თვალის ნაფლეთი ჭრილობა, თვალშიდა ქსოვილის გამოვარდნითა და დაკარგვით, OS ევისცერაციის შემდგომი მდგომარეობა - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, შრომის უნარის მყარი დაკარგვით ერთ მესამედზე მეტი ნიშნით.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი გენადი ბაღდასაროვი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. მ-ს და თ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
მსჯავრდებულ თ. მ-ს და გამართლებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. მ-ს მსჯავრდების ნაწილში განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას, ხოლო სხვა ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის მიმართ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - ზ. ბ-ს, მ. ხ-ს, ა. გ-სა და ბ. ჭ-ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია თ. მ-ს მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის (თ. მ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში) საფუძვლიანობას.
8. გარდა ამისა, საკასაციო პალატა თ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მიუთითეს გარემოებებზე (მათ შორის - გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ. მ-ს მიერ ზ. ბ-ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტი), რომლებიც გამორიცხავს თ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, დ. მ-სთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები მისი დამნაშავედ ცნობისთვის.
10. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებენ ყურადღებას კასატორები და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვისა და ბრალდების მხარეები საჩივარში არ უთითებენ.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და მსჯავრდებულ თ. მ-სა და გამართლებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე