საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
2კ-312აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002346733

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №312აპ-19 ქ. თბილისი

ბ-ე ზ, 312აპ-19 18 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ზ. ბ-ე, - დაბადებული .... წლის .... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 30 იანვრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2018 წლის იანვარში ქ-ის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურმა ქ-ი, გ-ს ქუჩა N....-ში განთავსებულ თ. მ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე გამოავლინა უკანონოდ მიმდინარე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის ნათესავმა ზ. ბ-მ, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა სამუშაოებს, იმისათვის, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს არ დაეჯარიმებინათ, განიზრახა, ქ-ის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - ზ. ჯ-ს ქრთამი მიეცა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2018 წლის 18 იანვარს ზ. ბ-ე მივიდა ქ.ქ-ის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეხვდა ზ. ჯ-ს და შესთავაზა მფარველობა გაეწია მისთვის, რათა უკანონო მშენებლობისათვის არ დაეჯარიმებინათ, ასევე, ხელი არ შეშლოდა შემდგომში ამ მშენებლობის გაგრძელებასა და დასრულებაში, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით დაჰპირდა 3000 ლარის მიცემას.

2018 წლის 30 იანვარს ზ. ბ-მ ქ.ქ-ი, დ. ა-ს გამზირის N...-ში შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ჯ-ს გადასცა ქრთამის სახით დაპირებული თანხა - 3000 ლარი, რის შემდეგაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული ზ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ან მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის ზუსტი კვალიფიკაციის განსაზღვრასა და კანონიერი სასჯელის შეფარდებას. ზ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებს არ სცდება.

5. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელმა დანაშაულის პროვოცირება ჩაიდინა. აუდიო-ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდება მსჯავრდებულის ნათქვამი, რომ 3000 ლარის სანაცვლოდ ზ. ჯ-ა მას მფარველობას გაუწევდა. მოწმე ა. მ-ე ცრუობს, ვინაიდან ავტომანქანაში თანხის დათვლის ფაქტი თავად ზ. ჯ-მ უარყო.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოწმეების - ზ. ჯ-ა და დ. კ-ს ჩვენებებით, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, ამოღების ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: ზ. ჯ-ა და ა. მ-ს ჩვენებებს შორის წინააღმდეგობასა და დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე), რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.

10. საკასაციო პალატა აგრეთვე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებს არ სცდება.

11. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დისპოზიციიდან გამომდინარე, ქრთამის მიცემა შესაძლოა, განხორციელდეს როგორც კანონიერი, ისე უკანონო მოქმედების შესასრულებლად. მაგალითად, მოვალეობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით გარკვეულ ვადაში უნდა შესრულდეს, მაგრამ მოხელე ქრთამის შეთავაზების გამო მას დაჩქარებულად, უპირატესად შეასრულებს, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველ ნაწილს. ანუ, როდესაც მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა ქმედება ქრთამის აღების გარეშეც უნდა განახორციელოს (მაგ. კანონით დათქმულ ფარგლებსა და ვადაში), მაგრამ ამ მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ ქრთამის მიმცემი მას გარკვეულ სარგებელს ან უპირატესობას ჰპირდება, ქმედება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაკვალიფიცირდეს.

12. მოცემულ შემთხვევაში კი ზ. ბ-მ ზ. ჯ-ს 3000 ლარი გადაუხადა იმაში, რომ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მასთან არავინ მისულიყო („არავის უნდა შეეწუხებინა“), რაც ზ. ჯ-ს, როგორც ამავე სამსახურის უფროსის, პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა. ესე იგი, ზ. ბ-ე თანხის სანაცვლოდ ზ. ჯ-ნ ითხოვდა კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას, რაც ერთმნიშვნელოვნად უკანონო ქმედებას წარმოადგენს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კვალიფიციკაციის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას იზიარებს.

14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე