საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
2კ-329აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002122656

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №329აპ-19 ქ. თბილისი

ი. უ-მ, 329აპ-19 30 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ. ქ-სა და უ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

უ. ი-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 სექტემბრიდან.

მ. ქ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 სექტემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

უ. ი-მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,1832 გრამი ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რასაც უკანონოდ ინახავდა და რაც 2017 წლის 5 სექტემბერს ამოიღეს ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ე-ას’’ წინა, მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

2017 წლის 5 სექტემბერს ქ. ბ-ში მ. ქ-მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 11,8554 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება და 2,23528 გრამი ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რასაც უკანონოდ ინახავდა და რაც 2017 წლის 5 სექტემბერს ამოიღეს ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ე-ას’’ წინა, მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ მ. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ქ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. კასატორის მითითებით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. არ არის ნასამართლევი; ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაავადებულია დიაბეტით.

5. მსჯავრდებულ უ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს უ. ი-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; არ არის ნასამართლევი; ამასთან, უ. ი. მზად არის, სამუდამოდ უარი თქვას ნარკოტიკის შეძენასა და მოხმარებაზე.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად შეაფასა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება) და დამამძიმებელი გარემოებები და როგორც უ. ი-ს, ისე მ. ქ-ს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - მ. ქ-სა და უ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე