დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003230792
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№43I-19 ქ. თბილისი
ქ. ქ-ნ, 43I-19 30 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - თ. ხ-ას
თარჯიმან - ნ. ი-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. ქ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. ქ-ს (K. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ქ-ს მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2019 წლის 25 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ქ. ქ-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქ. ქ-ს ბრალად ედება თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით
ღამის 3:00 საათზე, ქ. ხ-ს ავტოსადგურის ტერიტორიაზე ქ. ქ-სა და ს. ო-ს კონფლიქტი მოუხდათ დაზარალებულ ი. ქ-თან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ, ქ. ქ-მ და ს. ო-მა დატოვეს ავტოსადგურის ტერიტორია, აიღეს ს. ო-ის საცხოვრებელ სახლში შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მივიდნენ ქალაქის იმ უბანში, სადაც ი. ქ. ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ქ. ქ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად ისა ქ. გარდაიცვალა, ხოლო ქ. ქ-მ და ს. ო-მა დატოვეს შემთხვევის ადგილი და მიიმალნენ. ქ. ქ. უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომლითაც მან ისა ქოსეს ესროლა.
2019 წლის 30 აპრილს თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოსცა ქ. ქ-ს დაკავების ბრძანება.
2. ქ. ქ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 9 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. ქ..
2019 წლის 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის
კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. ქ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2019 წლის 9 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ქ. ქ-ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.
2019 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. ქ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 9 იანვრამდე.
2019 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ქ. ქ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2019 წლის 10 ოქტომბერს.
3. 2019 წლის 14 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ქ. ქ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2019 წლის 25 თებერვლის ქ. ქ-ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ფლობა).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. ქ-ს (K. K.) თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ა-ის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2019 წლის 25 თებერვლის ქ. ქ-ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ფლობა).
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თ-ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. ქ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 9 ივლისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
4. კასატორის მითითებით, არსებობს ქ. ქ-ს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ვინაიდან დაზარალებულის ოჯახმა ან სხვა პირებმა შესაძლოა, შური იძიონ მკვლელობის გამო. თავისი პოზიციის დასადასტურებლად ადვოკატმა წარმოადგინა ქ. ქ-ს დაკავებასა და მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ,,ფ-ში“ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი კომენტარები.
5. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მითითებული კომენტარები და შეფასებები არის ზოგადი, ჰიპოთეტური ხასიათის, გამოხატავს ცალკეული პირების სუბიექტურ შეფასებებს და განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
6. საკითხის შეფასებისას საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომლის თანახმად, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მთელი სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში, მათ შორის - თ-ის რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში, დაცული იქნება ქ. ქ-ს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აგრეთვე, იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას.
7. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მისი ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს თ-ში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, EctHR, 72-73)
8. ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ასევე სასამართლოში ქ. ქ-სთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის განხილვის მიმდინარეობა, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელური რეჟიმით პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე