საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
2კ-359აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002739411

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №359აპ-19 ქ. თბილისი

ბ. გ., 359აპ-19 5 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით გ. ბ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 20 ოქტომბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება,აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 13:35 საათზე, თ-ში, პ-ეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რ-ის ფედერაციის მოქალაქე გ. ბ. ქურთუკის მარცხენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა გასაღების მიზნით მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ და დამზადებულ, შავი წებოვანი ლენტით სამ შეკვრად შეფუთულ, დაფასოებულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს 5-fluoro-ADB-ს და განეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

მანვე თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში - ქ. თ-ში, ც. დ-ის ქ. N--ში მდებარე ბინა --ში, გასაღების მიზნით, უკანონოდ დაამზადა და შეინახა, ასევე პ-ეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას, გასაღების მიზნით, განათავსა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილი და დამზადებული: წითელი და შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული, ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება; თეთრი ქაღალდის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება; 3 ცალად დაფასოებული, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 2 ცალად დაფასოებული, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 2 ცალი წითელი წებოვანი ლენტითა და 1 ცალი შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული, პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული ნივთიერება; 4 ცალი წითელი წებოვანი ლენტითა და 6 ცალი შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 3 ცალად დაფასოებული, შავი ფერის პაკეტში მოთავსებული ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს 5-fluoro-ADB-ს და განეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ბ-სათვის სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას; ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ბ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია. ქმედების სიმძიმის, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახისა და დანაშაულის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ არსებობს გ. ბ-სთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

7. საკასაციო პალატის აზრით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად გარემოება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.

8. რაც შეეხება დაცვის მხარის მეორე მოთხოვნას - თბილისის საქალაქო

სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ იგი სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: ზემოხსენებული კანონის იმპერატიული მოთხოვნაა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ხელშემწყობისთვის, გამსაღებლისა და გავრცელების ხელშემწყობისთვის კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა. ამასთან, კანონში მითითებულია მხოლოდ ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობაზე, ხოლო ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე