შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
2კ-356აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002314092

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№356აპ-19 ქ. თბილისი

გ. გ., 356აპ-19 1 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით გ. გ. – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 5 წლით, სსკ-ის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 17 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენით გ. გ-ს მსჯავრი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე – წამებაში, ე.ი. პირისათვის ისეთ მოპყრობაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

3. გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 23:40 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა გ. გ-მა თავის მეუღლეს – ლ. ბ-ას მოსთხოვა ვახშმის მომზადება. განაწყენებულმა, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, გ. გ-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რომ თითქოს ოჯახში საჭმლის მომზადება მხოლოდ ქალის მოვალეობაა, გადაწყვიტა ლ. ბ-ას დასჯა, რისთვისაც განიზრახა მისი წამება. ის ჯერ თმაში სწვდა და სცემა ლ. ბ-ას, ხოლო როდესაც იგი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, დანაშაულებრივი ქმედების გაადვილების მიზნით, გ. გ-მა გადაწყვიტა მისი შებოჭვა და მისთვის თავისუფლების აღკვეთა. ამ მიზნით გ. გ-მა იატაკზე წააქცია ლ. ბ. და ხელები შეუბოჭა პლასტმასის სალტეთი, ე.წ. „ხამუტით“. როდესაც სცადა ფეხების შებოჭვაც, ლ. ბ. შეეწინააღმდეგა და მის დასამორჩილებლად გ. გ-მა ფეხში ჩაარტყა დანა, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ფეხებისა და ხელების შებოჭვის შემდეგ გ. გ. ლ. ბ-ას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ხელებსა და ფეხებს ურტყამდა მას სხეულზე. ლ. ბ-აც, შებოჭილი, ხელებით ურტყამდა მას.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. თ-მა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. თ-მა. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გ. გ-მა ნამდვილად სცემა მეუღლეს, თუმცა არ უწამებია და არც ხელ-ფეხის შეკვრის გზით თავისუფლება აღუკვეთავს. ამიტომ მისი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს; სასამართლოს არ უნდა გამოექვეყნებინა მოწმე ს. გ-ას გამოკითხვის ოქმი, რადგან ის ბრალდებულის დედაა და უფლება ჰქონდა, სასამართლოსათვის არ მიეცა ჩვენება; დაზარალებულიც სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა ჩვენების მისაცემად სასამართლო სხდომაზე, რადგან „დაწყნარებულ გონებაზე“ გაიაზრა მომხდარი, მისი ჩვენების გარეშე კი ვერ დადგინდა ობიექტური ჭეშმარიტება; გარდა ამისა, დანაზე არ ამოსულა ლ. ბ-ას სისხლის კვალი, ხოლო პლასტმასის სალტეზე, ე.წ. „ხამუტებზე“ – გ. გ-ს გენეტიკური პროფილი; ყველა სხვა მტკიცებულება ირიბია და პირის მსჯავრდების საფუძველი არ უნდა იყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. გ-ს საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს სასამართლოს განაჩენით შერაცხული არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით, როგორც ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი მაკვალიფიცირებელ გარემოებაში. თუმცა კასატორი არ აზუსტებს, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული რომელი კონკრეტული მაკვალიფიცირებელი გარემოება აქვს მას მხედველობაში. პალატა ასეთ პოზიციას არ იზიარებს, რადგან ის არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.

3. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითებები იმის თაობაზე, რომ გ. გ-ს ბრალდების საქმეში არ არსებობს კანონიერი მტკიცებულებები, არც პირდაპირი ჩვენებები და არც სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა სარწმუნო დასკვნების გამოტანა მსჯავრდებულის მიერ სასამართლოს განაჩენით მისთვის შერაცხულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენის თაობაზე. მაგრამ კასატორს იგივე მტკიცებულებები კანონიერად და უტყუარად მიაჩნია იმისათვის, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იგივე ძალადობრივი ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც ცემა, ჩადენილი მაკვალიფიცირებელ გარემოებაში. საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი ასეთი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ერთი და იმავე ფაქტებისა და ამ ფაქტების თაობაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების მიმართ უდავოდ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობას.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. გ-ს საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით, რის გამოც ამ მხრივ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ დავის საფუძველი არ არსებობს. თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეული მტკიცებულების მიმართ დაისვას საკითხი მისი სანდოობისა და დამაჯერებლობის თაობაზე მომხდარი შემთხვევის გარემოებებთან შეხებისა და მათი ადეკვატურად ასახვის თვალსაზრისით. თითოეული მტკიცებულების ეს მხარე განაპირობებს მის უტყუარობასა თუ არასარწმუნოობას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ განაჩენის დადგენისას, როგორც მტკიცებულების ობიექტური შეფასებისა და დასაბუთებული სამართლებრივი დასკვნების საფუძველი. მტკიცების პროცესში აღნიშნული საკითხისადმი სწორი და თანმიმდევრული ან პირიქით – არასწორი და არათანმიმდევრული მიდგომა პირდაპირ გავლენას ახდენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე როგორც პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ, ასევე – პირის მიერ ჩადენილი ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის მართებულობაზეც.

5. აღნიშნული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნებით, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც მან მისცა დაზარალებულ ლ. ბ-ას მიმართ მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილ ქმედებას, კერძოდ, დაზარალებულისადმი არაადამიანური მოპყრობის ნაწილში. აღნიშნული ქმედება სასამართლომ დააკვალიფიცირა როგორც წამება, ესე იგი პირისადმი ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ინტენსივობით, ხასიათითა და ხანგრძლივობით იწვევს ფიზიკურ ტკივილს, მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლითა და 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა აღნიშნული ქმედება თავისი მეუღლის – ლ. ბ-ას მიმართ ჩაიდინა მისი დასჯის მიზნით, მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. სასამართლოს აზრით, დაზარალებულის მოქმედება, რომლითაც მან მოძალადე ქმრის მრისხანება და ამ უკანასკნელის მიერ მისი დასჯა გამოიწვია, მდგომარეობდა იმაში, რომ გვიან საღამოს შინ დაბრუნებულ და მთვრალ მსჯავრდებულს დროულად ვერ მიუტანა საჭმელი, რის გამოც მსჯავრდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რომ თითქოს ოჯახში საჭმლის მომზადება მხოლოდ ქალის მოვალეობაა, გადაწყვიტა ლ. ბ-ას დასჯა, რისთვისაც განიზრახა მისი წამება. ამ ნაწილში სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა მთლიანად ემთხვევა პირის ბრალდების შესახებ პროკურორის დადგენილებაში მოცემულ მსჯელობასა და დასკვნას.

6. სააპელაციო სასამართლომ ამგვარი სამართლებრივი დასკვნის გამოტანისას არ დაიცვა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური და პრინციპული მნიშვნელობის მქონე საპროცესო ნორმებით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამ დროს ის დაეყრდნო მტკიცებულებას, რომლის სარწმუნოობა საფუძვლიან ეჭვს იწვევს და რის გამოც აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, ის ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა იდგეს. უფრო კონკრეტულად, საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი გარემოება: სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების წამებად შეფასებისას დაეყრდნო დაზარალებულ ლ. ბ-ას გამოკითხვის ორ ოქმს. პირველი გამოკითხვა ჩატარდა 2018 წლის 15 თებერვალს, რა დროსაც დაზარალებულმა გამომძიებელს განუცხადა: 2018 წლის 14 თებერვალს გ. გ. შინ გვიან საღამოს, დაახლოებით 23 საათზე დაბრუნდა ნასვამი. მისვლისთანავე უხეში ტონით მიმართა, ჩაი მოედუღებინა. მან ჩაი მოუდუღა, მაგიდასთან დასხდნენ და ერთად მიირთმევდნენ. დაახლოებით 23.40 საათზე გ-მა უმიზეზოდ დაუწყო გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ლ. ბ-ამ ჰკითხა, რატომ აგინებდა, რას ერჩოდა. გ-ი განაგრძობდა მის შეურაცხყოფას... ამის შემდეგ დაზარალებული დეტალურად აღწერს ქმრის მიერ რამდენიმე საათის განმავლობაში მის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს.

7. ამის შემდეგ, 2018 წლის 18 თებერვალს, ჩატარდა დაზარალებულ ლ. ბ-ას მეორე გამოკითხვა, რა დროსაც მან პასუხი გასცა გამომძიებლის მიერ დასმულ ერთადერთ კითხვას: რის გამო მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა გ. გ-მა. დაზარალებულის პასუხი ასეთია: როდესაც გ-ი სახლში მთვრალი დაბრუნდა, მე გავამზადე ჩაი და საჭმელი, რომელიც ერთად უნდა გვეჭამა, თუმცა გ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, ხელ-ფეხი შემიკრა და დანა დამარტყა იმიტომ, რომ თითქოს მე ვახშამი დროზე არ გავამზადე და აღნიშნული ფაქტი იყო მიზეზი მისი ამგვარი ქმედებისა.

8. როგორც ირკვევა, დაზარალებულ ლ. ბ-ას მიერ გამოძიებისათვის პირველი და მეორე გამოკითხვისას მიცემულ ჩვენებებს შორის აშკარა წინააღმდეგობაა მსჯავრდებულის მხრიდან მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ხოლო შემდეგ – ფიზიკური ძალადობის მიზეზთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლო განაჩენში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მეორე გამოკითხვისას დააზუსტა ეს მომენტი. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: პირველი გამოკითხვისას დაზარალებული ამბის თავისუფალ თხრობაში აღნიშნავს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფისას მან ჰკითხა გ. გ-ს – რატომ აკეთებდა ამას და რას ერჩოდა მას, მაგრამ ქმარმა ამ კითხვაზე საერთოდ არავითარი პასუხი არ გასცა, გადავიდა მის ცემასა და სხვაგვარ ფიზიკურ ძალადობაზე. მაშასადამე, დაზარალებული კონფლიქტის დაწყებისთანავე შეეცადა, გაერკვია მის წინააღმდეგ მოძალადის ახირების მიზეზი, თუმცა – უშედეგოდ. მაგრამ, გარდა ამ გარემოებისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა გარემოება, კერძოდ, დაზარალებულის პირველი გამოკითხვისას გამომძიებელი შეეცადა, გაერკვია და კიდევ ერთხელ დაეზუსტებინა, რა გახდა მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილი შეურაცხყოფისა და ძალადობის მიზეზი, ან თუნდაც საბაბი, რაც სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია. ამ მიზნით გამომძიებელი დაზარალებულს ეკითხება: გთხოვთ, განგვიმარტოთ: რატომ მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა თქვენმა მეუღლემ გ. გ-მა და რა გახდა ამის მიზეზი? დაზარალებულის პასუხი: „მოგახსენებთ, რომ ამის მიზეზი გახდა მისი სიმთვრალე, მოვიდა სახლში მთვრალი და დამიწყო გინება და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ისე, რომ არაფერი არ უთქვამს და რაიმე მიზეზი არ დაუსახელებია“. ასე რომ, დაზარალებულის პასუხი სრულიად ცხადი და გარკვეულია გამოძიებისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამომძიებელი არ დააკმაყოფილა ამ პასუხმა და კიდევ ერთხელ უსვამს დაზარალებულს ასეთ კითხვას: ხომ არ უთქვამს თქვენს მეუღლეს, გ. გ-ს, თქვენთვის, რომ თქვენ ქალი ხართ და თქვენი ადგილი უნდა იცოდეთ ან რაიმე მსგავსი და ამის გამო ხომ არ მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა? დაზარალებულის პასუხი ასეთია: „არა, ჩემს მეუღლეს გ. გ-ს მსგავსი არაფერი არ უთქვამს. გ-ი მოვიდა სახლში ძალიან მთვრალი და არაფრის გამო მცემა, დანა დამარტყა ბარძაყის არეში. მას საერთოდ არაფერი არ უთქვამს და არანაირი მოტივი არ განუმარტავს, ისე დაიწყო ჩემი ცემა ...“

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამომძიებლის ზემოაღნიშნულ კითხვებზე დაზარალებულ ლ. ბ-ას მიერ გაცემული პასუხებით სრულიად გარკვეული და დადგენილია მსჯავრდებულ გ. გ-ს მოქმედების მიზეზი – სიმთვრალით გამოწვეული აგრესია ცოლის მიმართ, რაც ისედაც გამოკვეთილი იყო დაზარალებულის თავისუფალ თხრობაში გამომძიებლის დამაზუსტებელი კითხვების გარეშეც. თუმცა ისიც ნათელია, რომ ასეთ პირობებში არ არსებობდა სამართლებრივად გამართლებული საფუძველი მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების წამებად დაკვალიფიცირებისთვის, რადგან არ დადგინდა ის სუბიექტური ნიშანი, რაც აუცილებელია წამების იურიდიული შემადგენლობის არსებობისათვის, კერძოდ, დაზარალებულის დასჯის სპეციალური მიზანი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ საკასაციო პალატისათვის ბუნდოვანი და გაუგებარია, რა აუცილებლობა ან საჭიროება არსებობდა დაზარალებულ ლ. ბ-ას ხელმეორედ გამოკითხვისათვის მოკლე დროში, ამასთანავე, იმ ერთადერთი საკითხის გასარკვევად, რაც უკვე სრულიად ცხადად და უდავოდ იყო გამორკვეული და დადგენილი დაზარალებულის პირველი გამოკითხვისას, თანაც – არაერთგზის. გარდა ამისა, აუცილებელია ყურადღება მიექცეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ, გ. გ-ვის მიერ ჩადენილი ქმედების წამებად დაკვალიფიცირების საფუძველი გახდა დაზარალებულის მიერ მისი მეორე გამოკითხვისას გამოძიებისთვის მიცემული მოკლე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქმარმა იგი დასაჯა იმ მიზეზით, რომ თითქოს მან დროულად არ მოუმზადა საჭმელი. აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა 2018 წლის 18 თებერვალს, რომელიც დაიწყო 15.50 საათზე და დასრულდა 16.05 საათზე, ხოლო პირველი დადგენილება გ. გ-ს ბრალდების შესახებ, სადაც მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია როგორც წამება, გამოტანილია იმავე დღეს, ოღონდ 15.00 საათზე. ამის გამო ისმება ლოგიკური კითხვა: ბრალდების მხარეს საიდან უნდა სცოდნოდა წინდაწინ, რას იტყოდა დაზარალებული ერთი საათის შემდეგ ხელმეორე გამოკითხვისას და მას ხელთ ექნებოდა კანონიერი საფუძველი ბრალდებულის ქმედების წამებად დაკვალიფიცირებისთვის?

11. საკასაციო პალატის აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია, დაზარალებულ ლ. ბ-ას მიერ გამოძიებისთვის ხელმეორე გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ მის მიმართ ქმედების სპეციალური, კერძოდ, მისი დასჯის მიზნით ჩადენის თაობაზე, ობიექტური დამკვირვებლის საფუძვლიან ეჭვს არ იწვევდეს და ეს ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს სანდოდ და სარწმუნოდ, ვინაიდან ის პირდაპირ ეწინააღმდეგება მის მიერვე პირველი გამოკითხვისას გამოძიებისთვის მიცემულ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: დაზარალებული მეორე გამოკითხვის დროს თვითონვე აცხადებს, რომ სრულად ადასტურებს მის მიერ პირველი გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციის სისწორეს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თითქოს დაზარალებულმა ლ. ბ-ამ მეორე გამოკითხვის დროს დააზუსტა, თუ რა იყო მის მიმართ მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის მიზანი, აგრეთვე, ამ საფუძველზე სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედების წამებად დაკვალიფიცირება.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ქმედებას დაზარალებულ ლ. ბ-ას მიმართ ჩადენილი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ნაწილში უნდა მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეზე უდავოდაა დადგენილი შემდეგი გარემოებები: 2018 წლის 14 თებერვალს, გვიან საღამოს, დაახლოებით 23.00 საათზე, მსჯავრდებული გ. გ. შინ დაბრუნდა მთვრალი. მან თავის მეუღლეს, დაზარალებულ ლ. ბ-ას მოსთხოვა ჩაის მოდუღება, რაც მან შეასრულა. ჩაის სმის დროს, სიმთვრალით გამოწვეული აგრესიის შედეგად, გ. გ-მა, დაახლოებით 23.40 საათზე, ჯერ გინება დაუწყო დაზარალებულს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. დაზარალებულს შეკითხვაზე, რატომ აგინებდა და რას ერჩოდა, მან არაფერი უპასუხა. შემდეგ კი ის ჯერ თმაში სწვდა ლ. ბ-ას და სცემა, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, თავისი დანაშაულებრივი ქმედების გაადვილების მიზნით, განიზრახა მისი შებოჭვა და მისთვის თავისუფლების აღკვეთა. ამ მიზნით გ. გ-მა იატაკზე წააქცია ლ. ბ. და ხელები შეუკრა პლასტმასის სალტეთი. ამის შემდეგ მან სცადა ასევე მისთვის ფეხების შებოჭვაც, რასაც დაზარალებული ისევ შეეწინააღმდეგა. ამის გამო გ. გ-მა დასამორჩილებლად მას დანა დაარტყა ბარძაყის არეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფეხებისა და ხელების შებოჭვის შემდეგ გ. გ-მა კვლავ განაგრძო ლ. ბ-ას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მას, იატაკზე წაქცეულსა და თავისუფლებააღკვეთილს, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ტანის არეში, რაც გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში.

13. საკასაციო პალატის დასკვნით, მსჯავრდებულ გ. გ-ს მოქმედება დაზარალებულ ლ. ბ-სთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე მის მიმართ ჩადენილი სხვაგვარი ძალადობის ნაწილში, შეიცავს ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობას, როგორიცაა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლითა და 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამიტომ აღნიშნულ ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში როგორც ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების, ასევე – სასჯელის ნაწილშიც.

14. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. გ-ს იმ მოქმედებას, რაც გამოიხატა მის მიერ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში დაზარალებულ ლ. ბ-ასათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებსა და მათ საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე სარწმუნოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ გ. გ-მა იატაკზე წააქცია დაზარალებული, რომელსაც ხელები და ფეხები შეუკრა პლასტმასის სალტეთი, რათა ამ გზით დაეძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა, რასაც იგი უწევდა მის ძალადობრივ მოქმედებას. მსჯავრდებულს დაზარალებული თავისუფლებააღკვეთილი ჰყავდა რამდენიმე საათის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დამამძიმებელ გარემოებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენის გამო, გ. გ-ს მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

15. ამრიგად, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლიდან და 1441-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლსა და 1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ამ დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ის პირველად არის სამართალში და წარსულში არ ხასიათდება უარყოფითად, ამასთან, მან თვითონ გაათავისუფლა თავისუფლებააღკვეთილი დაზარალებული, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელია მის მიერ ქმედების ჩადენა სიმთვრალეში. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის გ. გ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოო სასჯელი მას უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობის წესით, თანახმად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა.

16. წინამდებარე დასკვნასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენში გ. გ-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდების ერთ ნაწილში მის სასიკეთოდ, ხოლო სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ადვოკატ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებულ გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-111,1443-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე;

4. გ. გ. ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის მე-111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 17 თებერვლიდან;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე