დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
2კ-45-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.11.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003252794

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№45I-19 ქ. თბილისი

ს.ს., 45I-19 8 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ - ა. შ-ს

თარჯიმან - თ. ც-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. ს-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. ს-ს მიმართ რ-ის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2017 წლის 23 ივლისს რ-ის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ი-ს ოლქში საგამოძიებო სამმართველოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ს. ს-ს ძებნა.

2017 წლის 29 აგვისტოს რ-ის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ი-ს ოლქში საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ს. ს-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმადაც, ს. ს-ს ბრალი დაედო რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 ივლისს, 17:00 საათიდან 23:30 საათამდე დროის მონაკვეთში, რ-ის ფედერაციის ი-ს ოლქის სოფელ მ-ში, ო-ს ქ. N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. პა-სა და ს. ს-ს შორის, წარსულში არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას, ს. ს-მა, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სიცოცხლის მოსპობის განზრახვით, არანაკლებ ორჯერ დაარტყა მუშტები ა. პა-ს სახესა და თავის არეში. შემდეგ ს. ს. შევიდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე თავის სახლში, აიღო დანა, უკან დაბრუნებული დაეწია გაქცეულ ა. პ-ს და დანის გამოყენებით მას გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. ს. ს-ს მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად ა. პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

2017 წლის 4 სექტემბერს რ-ის ფედერაციის ი-ს ოლქის ო-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ს. ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

2017 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა ს. ს-ს მიმართ ძებნა ინტერპოლის არხებით.

2. ს. ს-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2019 წლის 10 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ს. ს.

2019 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ს-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2019 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ს-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 10 დეკემბრამდე.

3. 2019 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ს. ს-ს რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ი-ს ოლქში საგამოძიებო სამმართველოს 2017 წლის 29 აგვისტოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ს-ს (----) რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ი-ს ოლქში საგამოძიებო სამმართველოს 2017 წლის 29 აგვისტოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა)

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. რ-ის ფედერაციაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ს. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 10 ივნისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

4. კასატორის მითითებით, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკს ქმნის ის გარემოება, რომ ს. ს-ს ოჯახის წევრები ცხოვრობენ საქართველოში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით ს. ს. საქართველოში იმყოფება 2017 წლის 23 ივლისიდან, ხოლო მისივე განმარტებით, საქართველოში შემოსვლამდე იგი ცხოვრობდა რ-ის ფედერაციაში, მეუღლისა და შვილების გარეშე; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით ს. ს. მსჯავრდებულია არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი) და მიაჩნია, რომ ს. ს-ს ოჯახური ცხოვრება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.

5. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მისი ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს რ-ის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, EctHR, 72-73)

6. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსტრადიციის შუამდგომლობაში რ-ის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ს. ს-ს პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ს. არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე