საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
2კ-758აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100113186021

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №758აპ.-19 ქ. თბილისი

თ-ე დ., 758აპ.-19 7 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 2012 წლის 15 დეკემბერს დ. თ-ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) .

2. 2012 წლის 16 დეკემბერს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 14 დეკემბერს, 02:05 საათიდან.

3. 2012 წლის 26 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ დ. თ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა შეიცვალა პირადი თავდებობით და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

4. 2018 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ დ. თ-ეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება მოეხსნა და ამ ნაწილში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

5. 2018 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ. თ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდა.

6. სახელმწიფო ბრალმდებელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 იანვარს განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

7. 2019 წლის 1 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი, 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დატოვა უცვლელად.

8. სახელმწიფო ბრალმდებელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და დ. თ-თვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

9. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ასაბუთებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დასაშვებობის კრიტერიუმებიდან არცერთს და ძირითად არგუმენტად სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასწორი შეფასება მოჰყავს.

10. საკასაციო სასამართლო განაჩენის კანონიერებას ამოწმებს, არ ადგენს ფაქტებს და არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო შეისწავლის საქმეში არსებული მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე იკვლევს სამართლებრივ საკითხებს.

11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების მოტივაციას, რომ დ. თ-ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგენდა მის ბრალეულობას.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა დ. თ-ის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები და იგი სრულად ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს. დაზარალებული სასამართლოში დაიკითხა დანაშაულის შემთხვევიდან ექვსი წლის შემდეგ, რაც ცალსახად მიუთითებს არაეფექტურ მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

13. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა ექვსი წლის შემდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემისას ვერ გაიხსენა მომხდარი ფაქტის მნიშვნელოვანი დეტალები, ვერ იცნო ბრალდებული, რაც, ბუნებრივია, რადგან პიროვნების ექვსწლიანი ასაკობრივი ზრდა მისი ჰაბიტოსკოპიური მახასიათებლების მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ერთობლიობის ჯაჭვში დაკარგა უმნიშვნელოვანესი პირდაპირი მტკიცებულება, რომელთანაც სხვა მტკიცებულებების შესაბამისობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის საკმარისი იქნებოდა.

14. საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობის გარემოებებზე და საქმის სირთულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების ექვსწლიანი ხანგრძლივობა არ მიაჩნია გონივრულ ვადად, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც დაზარალებულის, ასევე - სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი