საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
2კ-667აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002358775

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №667აპ.-18 5 თებერვალი, 2020 წელი

ბ-ი ა., 667აპ.-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 2018 წლის 7 მარტს ა. ბ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი).

2. ბრალდებულმა ა. ბ-იმ სრულად აღიარა ბრალი, მოინანაია და, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დაზარალებულსაც შეურიგდა.

3. 2018 წლის 9 მარტს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 მარტის 12:30 სთ-დან.

4. 2018 წლის 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ ა. ბ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი - 2000 ლარით და დაუყოვნებლივ გათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან.

5. ა. ბ-ის დანაშაული გამოიხატება იმაში, რომ მან 2018 წლის 23 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. მ-ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, შემდეგ წააქცია და ფეხი დააჭირა ყელზე, რის შედეგადაც თ. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. განაჩენი დაფუძნებულია შემდეგ მტკიცებულებებზე:

- ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება;

- დაზარალებულის ჩვენება;

- მოწმეთა ჩვენებები;

- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.

6. 2018 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი, აგრეთვე დაეკისრა მოვალეობა, გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სახელმწიფო ბრალმდებელმა 2018 წლის 25 აპრილს გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ა. ბ-ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 7 ივნისს დასაშვებად ცნო საჩივარი და 2018 წლის 19 სექტემბერს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. 2018 წლის 3 ოქტომბერს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

10. საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივარში სრულად და ამომწურავად მიუთითებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეგულაციებს სასჯელის დანიშვნისას, თუმცა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ვერ ასაბუთებს გამოყენებული სასჯელის სახისა და ზომის აშკარა შეუსაბამობას მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც სასჯელის გამკაცრების საფუძველს წარმოადგენდა. სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო სასამართლოსთვის მითუფრო არ წარმოუდგენია გამოყენებული სასჯელის სახისა და ზომის მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარა შეუსაბამობის სამართლებრივი საფუძველი და საკასაციო საჩივარს აფუძნებს ზოგად მსჯელობებზე, სასჯელის მიზნებსა და დანიშვნის წესზე.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, სრულად და სამართლიანად გაითვალისწინა ა. ბ-ის მხრიდან დანაშაულის აღიარება, ქმედების მონანიება, დაზარალებულთან შერიგება, პირადი და ოჯახის ეკონომიკური პირობები.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-თვის ბრალად წარდგენილი დანაშაული სასჯელის მაქსიმალურ სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით. მის მიმართ 10 (ათ) თვიანი პირობითი მსჯავრი, 1 (ერთ) წლიანი გამოსაცდელი ვადა და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის მოვალეობა ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, რადგან ქმედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, რომელიც სრულად აღიარა, მოინანია და შეურიგდა დაზარალებულს.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს ამ მუხლით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველს.

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ კასატორს არ დაუსაბუთებია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი