საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
2კ-576აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001775274

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №576აპ.-19 12 თებერვალი, 2020 წელი

წ-ე ჯ., 576აპ.-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი შაფათავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 2016 წლის 27 დეკემბერს ჯ. წ-ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

2. 2019 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ჯ. წ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

3. 2019 წლის 24 თებერვალს სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა ჯ. წ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 14 მარტს დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2019 წლის 21 მაისს გამოიტანა განაჩენი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სახელმწიფო ბრალმდებელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განაჩენის გაუქმება და ჯ. წ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

6. საკასაციო საჩივრის ავტორი ძირითად არგუმენტაციას მტკიცებულებების შეფასებაზე აფუძნებს და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ „ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული საკითხების გადაწყვეტა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.“

7. საკასაციო სასამართლო განაჩენის კანონიერებას ამოწმებს, არ ადგენს ფაქტებს და არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო შეისწავლის საქმეში არსებული მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე იკვლევს სამართლებრივ საკითხებს.

8. რაც შეეხება სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ამ მსჯელობას, რადგან 2016 წლის 13 დეკემბრის შემდეგ საქართველოს სსკ-დან 125-ე მუხლი ამოღებულია და მასზე მსჯელობას, სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, აქტუალობა აქვს დაკარგული.

9. საკასაციო საჩივრის ავტორი დასაშვებობის არგუმენტად მიუთითებს, რომ გამოყენებული სასჯელის ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, თუმცა ჯ. წ-ე ყველა ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და მის მიმართ არანაირი სასჯელი არ გამოუყენებია.

10. წინამდებარე განჩინების მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტები ცალსახად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან უზენაესი სასამართლოსთვის მომართვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მისი შინაარსი და დასაბუთების სტანდარტი გონივრულობასაა მოკლებული.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი შაფათავას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი