საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
2კ-550აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002788656

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №550აპ-19 ქ. თბილისი

მ. რ. 550პ-19 12 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 28 ნოემბრისა და 2018 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თ-ში, მ-ს დასახლებაში, კ-ს ქ. №..-ში, რ. მ-მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - მ. ს-ს სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც მ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ-ში, ლ-ს დასახლებაში, .. მიკრო/რაიონის მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. მ-მ მეუღლეს - მ. ს-ს სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენით რ. მ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის ეპიზოდები) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 ნოემბრისა და 2018 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდები) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ მ. ს-ს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი, რომელიც რ. მ-ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა უარი განაცხადა მეუღლის - რ. მ-ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

მოწმე ხ. ბ. ჩვენებაში განმარტავს, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს დაურეკა დამ - მ. ს-მ და სთხოვა მასთან მისულიყო. ადგილზე მისვლისას დისგან - მ. ს-სგან გაიგო, რომ რ. მ-მ სცემა. ამასთან, მ. ს-ს სახეზე სიწითლე აღენიშნებოდა, თუმცა რით იყო ეს გამოწვეული, ხელის დარტყმით თუ ტირილის შედეგად, ამის თქმა არ შეუძლია. ასევე მისთვის მ. ს-საგან არის ცნობილი, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს დედამისის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რ. მ-მ ხელი გაარტყა სახეში მ. ს-ს იმის გამო, რომ მ. ს-მ უარი უთხრა შერიგებაზე. მოწმე მ. ს-ს ჩვენებით კი დასტურდება, რომ მისთვის შვილის - მ. ს-საგან არის ცნობილი, რომ მას 2018 წლის 28 ნოემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა მეუღლემ - რ. მ-მ და 2018 წლის 2 დეკემბერსაც მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სახეში გაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, იგი პირადად არ შესწრებია ზემოაღნიშნული ძალადობის არცერთ ფაქტს და არც რაიმე სახის დაზიანება შეუნიშნავს შვილისთვის. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები და გადმოსცემენ სხვისგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები.

6. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 ნოემბრისა და 2018 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდები) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი დაუსაბუთებელია; სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილია არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს რ. მ-სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი. საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე N766აპ-19), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

8. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას.

9. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება კასატორის პოზიციას აღნიშნულ საკითხში, კერძოდ: სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტითა და 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას. მაგრამ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

10. სასამართლო განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მათ შორის, მოწმე ან/და დაზარალებული შეიძლება თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17). მოწმის/დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მით უმეტეს არ გულისხმობს ბრალდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

11. ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლო კვლავაც ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგ.იხ. X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, 2015, §§9.7; 9.6).

12. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე პირის ბრალდება „მთლიანად დამოკიდებულია“ დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას გამოძიების ორგანოსთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და ირიბ ჩვენებებზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ: მოცეულ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება არა მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობა, არამედ თავად საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლით აკრძალული ქმედების განხორციელების ფაქტი.

14. დაზარალებულმა მ. ს-მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ; ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ. მ-ს მიერ მეუღლის - მ. ს-ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

15. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვეობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის #548-ე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში მართალია მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „37. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“. ,,52. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებს.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე