საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
2კ-552აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002426303

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №552აპ-19 ქ. თბილისი

კ. ე. 552აპ-19 13 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. კ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო პ. ტ-ს, - დაბადებულს 1…წელს, - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წ-ს რ-ს ს. მ-ში ე. კ-მ პ. ტ-სთან ერთად, ჯგუფურად იძალადა თ. ა-ზე, კერძოდ, მოქაჩა თმა, რის შედეგადაც თ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წ-ს რ-ს ს. მ-ში პ. ტ-მ ე.კ-სნთან ერთად, ჯგუფურად იძალადა თ. ა-ზე, კერძოდ, მოქაჩა თმა და იმავდროულად თ. ა-ს დასახმარებლად მისულ ნ. ა-ს უბიძგა ხელი და წააქცია. პ. ტ-ს ქმედების შედეგად თ. ა-მ და ნ. ა-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით:

ე. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 –ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ე. კ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

პ. ტ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11–ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ“ ქვეპუნქტებით წადგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე.

პ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11–ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 მარტიდან იმავე წლის 26 მარტის ჩათვლით.

გაუქმდა პ. ტ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს (ა. მ-ს პ/ნ ...) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: პ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით; ხოლო ე. ტ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე. კ-ს მიმართ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა წინააღმდეგობრივ ჩვენებებზე და იმ გარემოებაზე, რომ ე. კ-ს ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ე. კ-ს ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია თ. ა-ს სხეულზე არსებული დაზიანებების ფაქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულზე იძალადა პ. ტ-მ.

სააპელაციო პალატა ასევე სრულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დაასკვნა პ. ტ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების თაობაზე და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, მათ შორის თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ პ. ტ-მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ პ. ტ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატამ მიუთითა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების გათვალისწინებით. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ პ. ტ. ნასამართლობის არმქონეა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ამ ეტაპზე კონფლიქტი ამოწურულია, მშობლებს განსაზღვრული აქვთ შვილების მათთან ყოფნის რიგითობა და სასჯელი შეუფარდა მუხლის სანქციის ფარგლებში.

6. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ჩუბინიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: პ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას; ხოლო ე. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს; მსჯავრდებულ პ. ტ-ს და გამართლებულ ე. კ-ს მიმართ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და აშკარად დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მათ მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი. რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მსჯავრდებულ პ. ტ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, ისე - ე. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები.

9. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

10. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე