საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002721149
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№754აპ-19 ქ. თბილისი
ბ. დ., 754აპ-19 18 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით დ. ბ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
გაუქმდა დ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ 20.. წლის .. სექტემბერს შპს „პ. ვ-ს“ წარმომადგენელ გ. ლ-სა და შპს „მ-ს“ დირექტორ დ. ბ-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დამკვეთმა დ. ბ-ს კომპანიას დაუკვეთა ... არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 ოქტომბერი. ხელშეკრულებით შპს „მ-ს“ ვალდებულებაში შედიოდა სამუშაოთა წარმოება საკუთარი რისკის შესაბამისად, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სამუშაოთა მაღალი ხარისხით შესრულება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. შპს „მ-ს“ დირექტორმა დ. ბ-მ სამუშაოების შესრულების მიზნით დაიქირავა ათკაციანი ხელოსნების ბრიგადა, მათ შორის ა. კ. 20.. წლის .. აგვისტოს ... მდებარე შპს „მ-ს“ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, სადაც, ასევე იმყოფებოდა ა. კ., ეს უკანასკნელი წაიქცა და თავის არეში შეერჭო ლითონის ნაჭერი. ა. კ. გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც 2017 წლის 29 აგვისტოს გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო დასკვნის შესაბამისად, დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N2.1 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სამშენებლო მოედნების სამუშაო უბნებისა და სამუშაო ადგილების მოწყობის ორგანიზება უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო წარმოების ყველა ეტაპზე მომუშავე პერსონალის შრომის უსაფრთხოებას. ასევე, დაირღვა ამავე ნორმატივის N2.22. პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა გასასვლელები და სამუშაო ადგილები აუცილებელია გაიწმინდოს რეგულარულად, არ უნდა ჩაიხერგოს და ზამთრის პერიოდში შენობის გარეთ უნდა მოიყაროს ქვიშა ან წიდა. დაირღვა ამავე ნორმატივის N1.11* პუნქტის მოთხოვნებიც, რომლის თანახმად, სამშენებლო მოედანზე მყოფ პირს თავზე უნდა ეხუროს დამცავი ჩაფხუტი. ექსპერტიზის დასკვნით, დაცული რომ ყოფილიყო სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მოთხოვნები, შესაძლებელი იქნებოდა, დამდგარი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე. ”უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N1 დანართის N3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ევალება უფროსს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობა კი - მთავარ ინჟინერს. მოცემულ შემთხვევაში უსაფრთხოების წესების დაცვაზე უშუალოდ კონტროლი ევალებოდა დ. ბ-ს.
2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ და მოითხოვა სასჯელის დამძიმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. ბ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება; მსჯავრდებული კვლავ აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მხოლოდ პირობითი მსჯავრის შეფარდება შესაძლებელია გახდეს მისთვის წამახალისებელი; გარდა ამისა, თავისუფლების აღკვეთის რეალური მოხდა ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ერთგვარ კომპენსაციას.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს, იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით სააპელაციო სასამართლოს უტყუარად აქვს დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხება პროკურორის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს შემდეგს: წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დ. ბ-მ ნამდვილად აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან მსჯავრდებული დ. ბ. კვლავ სამშენებლო სფეროში აგრძელებს მოშაობას და დანიშნული სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება და მთლიანად ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ არ შეიძლება სასამართლომ დ. ბ-ს პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. სასჯელის პირობით ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება.
გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი