საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001086732
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №573აპ-19 ქ. თბილისი
ბ-ი ზ, 573აპ-19 3 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:
ზ. ბ-ი, - დაბადებული … წლის …. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. ზ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 5 დეკემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2015 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ი, ვ-ს მე-…. მ-ი, კორპ. №…, ბინა №…-ში, ზ. ბ-ა შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით თ. ხ-ს მოკვლის მიზნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის არეში, შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. კასატორის მითითებით, სასამართლოს არ დაუდგენია, მოქმედებდა თუ არა ზ. ბ-ი განზრახ და მის ქმედებაში ხომ არ იყო აუცილებელი მოგერიების ნიშნები; განაჩენი დაეფუძნა დაზარალებულისა და მოწმეთა არასწორ ჩვენებებს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №399აპ-14 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
9. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განიხილა და შეაფასა აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. დაზარალებულის ჩვენებას შეესაბამება მოწმეების - ბ. ც-ს, თ. კ-ა და ა. ზ-ს ჩვენებები, რომლებმაც მიუთითეს, რომ ზ. ბ-ა მოულოდნელად დაარტყა დანა თ. ხ-ს. ამავე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ა. ზ-ა და ბ. ც-ა ზ. ბ-ი შებოჭეს, რათა აღარ ჰქონოდა დარტყმის მიყენების შესაძლებლობა.
10. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ თ. ხ-ს მიყენებული დაზიანება (გულმკერდის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო) მიუთითებს მსჯავრდებულის სურვილზე, მოეკლა დაზარალებული.
11. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე