საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
2კ-509აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №509აპ-18 თბილისი

ბ-ა გ-ი, 509აპ-18 10 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. ბ-ეს ბრალი დაედო სიცოცხლის მოსპობაში გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში: რ-ის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის 2002 წლის 28 იანვრის №- ბრძანების თანახმად, ხ. ბ-ე დაინიშნა კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური მეთვალყურეობის პალატის ექიმად (მორიგე ექიმი). 2012 წლის 6 ნოემბერს, შპს „რ-ის ცენტრალური საავადმყოფოს“ კარდიოლოგიურ განყოფილებაში ექიმ-კარდიოლოგ ხ. ბ-ის მორიგეობისას, საავადმყოფოს მიმართა გ. ნ-ემ შემდეგი ჩივილებით: ტკივილი ეპიგასტრიუმში, ირადიციით გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და მარცხენა ხელში და ამავე კიდურის დაბუჟება. პაციენტს თერაპევტმა და ქირურგმა გაუწიეს კონსულტაცია. მას გადაუღეს ელექტროკარდიოგრამა რომელზეც აღინიშნებოდა ST სეგმენტის ელევაცია 1.5 - 2 მმ-ით II; III aVF; V4 V5 V6 განხრებში, რის საფუძველზეც პაციენტი დამატებით საჭიროებდა: გულის ულტრაბგერით გამოკვლევას, Troponini I-ის განსაზღვრასა და გადაუდებელ მოთავსებას კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ექიმ-კარდიოლოგმა ხ. ბ-ემ გადაღებული ელექტროკარდიოგრამის გაშიფვრის შემდეგ დასვა არასწორი კარდიოლოგიური დიაგნოზი და თერაპევტს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ. ნ-ეს მწვავე კორონალური პათოლოგია არ აღმოაჩნდა და გამოირიცხა ეჭვი გულის იშემიასთან მიმართებით. ნაცვლად იმისა, რომ პაციენტს ჩატარებოდა სათანადო ადეკვატური კარდიოლოგიური მკურნალობა, ხ. ბ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მას ჩაუტარდა ეზოფაგოგასტროსკოპია. არსებული კარდიოლოგიური პათოლოგიის შეუსაბამოდ ჩატარებულმა მკურნალობამ გ. ნ-ის მდგომარეობა დაამძიმა, რასაც საბოლოოდ მოჰყვა მისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის პირველი თებერვლის განაჩენით:

· ხ. ბ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

· გ. ბ-ა, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 26 ივლისი. გ. ბ-ას სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 41-43-ე მუხლების თანახმად - 1 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება.

3. განაჩენის მიხედვით, გ. ბ-ას მსჯავრი დაედო სიცოცხლის მოსპობაში გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 10 დეკემბრის №-- ბრძანების თანახმად, გ. ბ-ა დაინიშნა შპს „აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიმღები სექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2012 წლის 6 ნოემბერს შპს „რ-ის ცენტრალურ საავადმყოფოს“ მიმართა გ. ნ-ემ შემდეგი ჩივილებით: ტკივილი ეპიგასტრიუმში, ირადიციით გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და მარცხენა ხელში და ამავე კიდურის დაბუჟება. საავადმყოფოში ექიმ-კარდიოლოგმა ხ. ბ-ემ მას დაუსვა არასწორი დიაგნოზი, რის გამოც პაციენტს არ ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა. 2013 წლის 22 თებერვალს, შპს „ა-ოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიმღებ სექციაში გ. ბ-ას მორიგე ექიმად ყოფნისას, კლინიკას მიმართა გ. ნ-ემ ეპიგასტრიუმში მოვლითი ხასიათის ტკივილით. კლინიკაში ქირურგის კონსულტაციისა და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიის გადაღების შემდეგ მას სუბიექტური, ობიექტური და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე დაუსვეს დიაგნოზი - მწვავე გასტრიტი და დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი და გაუწიეს შემდეგი სახის დახმარება: PO მიეცა ალმაგელი 20 მჰ, დაკვირვება დინამიკაში. პაციენტს ნაზოგასტრალური ზონდირების მცდელობის დროს აღენიშნებოდა პირღებინება, საკვების შემცველი კუჭის შიგთავსით. საუნივერსიტეტო კლინიკის მიმღები ექიმი გ. ბ-ა ვალდებული იყო, პაციენტ გ. ნ-ის ჩივილები ჩაეთვალა კარდიოლოგიურ პრობლემად და მისთვის გადაეღო ელექტროკარდიოგრამა, რაც შეცვლიდა ძირითად დიაგნოზს და სწორად წარმართავდა მკურნალობას (პროტოკოლით ეპიგასტრიუმის არეში ტივილის დროს აუცილებელია ქვედა კედლის ინფარქტის გამორიცხვა). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ექიმმა გ. ბ-ამ მკურნალობა წარმართა გასტროენტეროლოგიური მიმართულებით, რის შემდეგაც, მართალია, გ. ნ-ეს ტკივილი მოეხსნა, დამშვიდდა და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან, მაგრამ მგზავრობის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ნ-ის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ინფარქტი, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების ფონზე. გამოკვლევის მომენტისთვის სიკვდილიდან გასული იყო არანაკლებ 4-5 საათი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის პირველი თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ: გამართლებულ ხ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ გ. ბ-ასათვის შეფარდებული სასჯელების - თავისუფლების აღკვეთისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის განსაზღვრა მაქსიმალური ვადით.

5. აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-ამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის შემცირება 5000 ლარამდე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის პირველი თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, გამართლებულ ხ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით და მსჯავრდებულ გ. ბ-ასთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, კერძოდ: გ. ბ-ასთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრასა და მის პირობით ჩათვლას; ასევე მისთვის საქმიანობის უფლების კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით ჩამორთმევას.

8. მსჯავრდებული გ. ბ-ა და გამართლებულ ხ. ბ-ის ადვოკატები - ნ. კ. და პ. გ. საკასაციო საჩივრის შესაგებლებით ითხოვენ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ხ. ბ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. საკასაციო პალატა მსჯავრდებულ გ. ბ-ასთვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ბ-ას განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართლიანი სანქცია, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე