საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№709აპ-19 ქ. თბილისი
ბ. ყ., 709აპ-19 5 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენით ყ. ბ., – დაბადებული - წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ყ. ბ-ეს ბრალი დაედო გაუპატიურების მცდელობაში, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობაში, სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე, ა-ის რაიონში, თ-ის ტერიტორიაზე, სოფელ ი-თან, ი. ბ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ყ. ბ-ემ სცადა მ. ჩ-ას გაუპატიურება, კერძოდ, მან იცოდა, რომ მ. ჩ-ას მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი და ეძინა ი. ბ-ს საცხოვრებელ სახლში. ყ. ბ-ემ განიზრახა, მისი უმწეობის გამოყენებით მოეხდინა მის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. მან მძინარე მ. ჩ-ას დაუწყო სახეზე კოცნა, მკერდზე ფერება, რა დროსაც მას გამოეღვიძა და წინააღმდეგობა გაუწია. ყ. ბ. ცალი ხელით, ძალის გამოყენებით საწოლზე აკავებდა მ. ჩ-ას, ხოლო მეორე ხელით კვლავ აგრძელებდა მკერდზე ფერებას და ცდილობდა, ძალის გამოყენებით მისთვის საბანი გადაეძრო. ამ დროს მ. ჩ-ამ ხმამაღლა დაიყვირა. იმის შიშით, რომ ყვირილის ხმაზე ხალხი შეგროვდებოდა, ყ. ბ-ემ სასწრაფოდ დატოვა ი. ბ-ის სახლი, რის გამოც მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ყ. ბ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. ყ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჯ. შესაგებლით ითხოვს პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ყ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არცერთი პირდაპირი სახით არ ადასტურებს ყ. ბ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. თავად დაზარალებულ მ. ჩ-ს ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ ყ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს გაუპატიურების მცდელობის ნიშნებს. გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 31 ოქტომბრის №- დასკვნით, „...მ. ჩ-ას პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“, ხოლო მოწმეების ჩვენებები ირიბი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
10. ამდენად, არასაკმარისი მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. ასეთ პირობებში კი სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე