საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002736489
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №747აპ-19 ქ. თბილისი
ტ. მ. 747აპ-19 9 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ტ-ს, - დაბადებულს 1…. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის (დედის - კ. დ-ს) მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 17:50 საათზე, ქ. თ-ში, ზ-ს ქუჩა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ. ტ. დედას - კ. დ-ს დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა. კ. დ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რითიც განიცადა მორალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით მ. ტ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა მ. ტ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ. ტ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქართველიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მ. ტ-ს ქმედების შეფასება არის მცდარი და დაუსაბუთებელი, ასევე არასწორად შეფასდა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მ. ტ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა კ. დ-მ და მოწმე შ. ტ-მ ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის - ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმე ბ. ტ-ს გამოკითხვის ოქმი) არის ირიბი მტკიცებულება. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, დაემუქრა თუ არა მ. ტ. დედას სიცოცხლის მოსპობით, მითუმეტეს, რომ დაზარალებულმა - კ. დ-მ ჩვენების მიცემაზე უარის თქმით ფაქტობრივად უარყო მუქარისა და მისი განხორციელების რეალური საშიშროების აღქმის ფაქტი; ჩვენების მიცემაზე უარის თქმით მოწმე შ. ტ-მ ასევე გამორიცხა საქმეზე პირდაპირი მტკიცებულების არსებობა.
8. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის...... ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი #424აპ-16). სასამართლო აღნიშნავს, რომ ოქმში, მართალია, დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც მ. ტ. დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა და ოქმს ახლავს ფოტოსურათები, რომლებიც ასახავს დაზარალებულს, რომელიც მონაწილეობს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენაში, თუმცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას და არ ადგენს ბრალდებულის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
9. საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 25 ოქტომბერს მ. ტ. ს მიმართ გამოტანილ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლის თანახმად, მას ეკრძალებოდა მშობლებთან მიახლოება. შესაბამისად, განსახილველი ქმედება ჩადენილ იქნა შემაკავებელი ორდერის მოქმედების დროს, რის გამოც დაირღვა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. თუმცა სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.
10. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე