დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003284654
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№49I-19 ქ. თბილისი
ა. ა., 49I-19 6 დეკემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების - თემურ ცინდელიანის, დავით ჯავახიშვილის
ადვოკატ - ს. ბ-ის
თარჯიმან - თ. ც-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ა-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ა-ის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2010 წლის 18 მარტს თ-ის რესპუბლიკის ბ-ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმადაც, ა. ა-ს ბრალი დაედო თ-ის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით ა. აგასიანისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ა. ა-მა და მისმა თანმხლებმა პირებმა, 2009 წლის 2 ივლისს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწიეს ჩ. ჩ. ო-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დააზიანეს იატაკი და ჩავიდნენ საცხოვრებელი ბინის ქვედა სართულზე არსებულ ქ. ქ-ის კუთვნილ მაღაზიაში. ა. ა-მა და მისმა თანამზრახველებმა ასევე დააზიანეს ხსენებული მაღაზიისა და საიუველირო მაღაზიის დამაკავშირებელი კედელი და უკანონოდ შეაღწიეს ა. კ-სა და ა-იმ ა-ს კუთვნილ საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც ა. ა-მა და მისმა თანმხლებმა პირებმა სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ააფეთქეს საიუველირო მაღაზიაში განთავსებული სეიფი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სეიფში განთავსებულ, სულ მცირე, 30 კგ ოქროსა და ფულად თანხას - 120 000 თ. ლ-ს, 10 000 აშშ დოლარს და 6 000 ევროს.
2011 წლის 19 ივნისსა და 2013 წლის 17 ივნისს თ-ის რესპუბლიკის ბ-ის საქალაქო ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ა. ა-ის დაკავების ბრძანება.
2012 წლის 30 ივლისიდან ა. ა. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ა. ა-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 1 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ალექსანდრე აგასიანი.
2019 წლის 4 ივნისს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2019 წლის 10 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.
2019 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 1 დეკემბრამდე.
2019 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 1 მარტამდე.
2019 წლის 16 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ალექსანდრე აგასიანის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2019 წლის 26 სექტემბერს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორის - დ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ა-ის (A. A.) თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ბ-ის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2010 წლის 18 მარტს ა. ა-ის მიმართ გამოტანილ საბრალდებო აქტში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება).
4. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თ-ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 1 ივნისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
4. კასატორის მითითებით, არსებობს ა. ა-ის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ვინაიდან იგი არის ეროვნებით ს-ი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომლის თანახმადაც, გარდა ალექსანდრე აგასიანის განცხადებისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ა. ა-ის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს, ანდა დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები, რომელთა თანახმადაც, ექსტრადიციის შემთხვევაში დაცული იქნება ა. ა-ის უსაფრთხოება. წარმოდგენილი გარანტიები აკმაყოფილებს მსგავსი გარანტიებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სანდოობის კრიტერიუმებს, კერძოდ, ისინი საჯარო და ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის და საკმარისად კონკრეტულია. ისინი გაცემულია იმ სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თ-ის რესპუბლიკას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ა. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენა, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ის არ იხილავს ა. ა-ის ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება წარმოადგენდეს განხილვის საგანს ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
6. რაც შეეხება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, კასატორის პოზიციით, მისი დარღვევის რისკს ქმნის ის გარემოება, რომ ა. ა-ის ოჯახის წევრები ცხოვრობენ საქართველოში. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა, გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში ალექსანდრე აგასიანის ოჯახური ცხოვრება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე