დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-68-59-2011 21 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. ხ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-შვილი
მოპასუხეები _ მ. ხ-იანი, თბილისის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 26 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ხ-იანმა მოპასუხეების: ნ. კ-შვილის, მ. ხ-იანისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონებიდან მისი პირადი ნივთების ამორიცხვა.
სარჩელის თანახმად, ა. ხ-იანის რძლის _ მოვალე მ. ხ-იანის ვალების გამო მოხდა მოსარჩელის კუთვნილი ქონების დაყადაღება, რაც უკანონო იყო და ლახავდა ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებას. სადავო ქონებას წარმოადგენდა 45 დასახელების მოძრავი ნივთი, რაც აისახა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2009 წლის 24 თებერვლის აქტში (ტომი I, ს.ფ. 2-18)
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 37-38).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ხ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ცხოვრობს თბილისში, ... მე-8 მ/რ-ის კორპუსის ¹7 ბინაში;
ამავე მისამართზე ¹6 ბინას მოსარჩელე მისი შვილის კუთვნილებად ასახელებს;
ეს ორი ბინა მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ და აქვს ერთი შესასვლელი, საიდანაც ხდება ორივე ბინაში დაუბრკოლებლად შესვლა;
მოსარჩელე დაბადებულია 1918 წელს და დიდი ხანია პენსიაზე იმყოფება, შესაბამისად, დროის უმეტეს ნაწილს ატარებს რაიონში;
2009 წლის 24 თებერვალს აღმასრულებელმა მოახდინა ბინა ¹6-ში ოქმის შედგენა, რომლითაც ყადაღა დაედო ბინაში არსებულ 45 დასახელების მოძრავ ნივთს.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილება ვერ დადასტურდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა მან მისი დამტკიცება ვერ შეძლო. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა შემდეგ მოსაზრებას: დაყადაღების ოქმში მითითებულია, რომ ყადაღა დაედო ¹6 ბინაში არსებულ ნივთებს, რომელიც, როგორც მოსარჩელე აცხადებდა, იყო მ. და ა. ხ-იანების კუთვნილება, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში იყო ¹7 ბინა. სასამართლოს განმარტებით, ივარაუდება, რომ მფლობელი არის მესაკუთრე. ამ შემთხვევაში სადავო ნივთები განლაგებული იყო იმ ბინაში, სადაც ცხოვრობდა მ. ხ-იანი და ამის საწინააღმდეგო პოზიცია მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა.
სასამართლოს მითითებით, რამდენადაც საქმეზე დადგინდა, რომ ბინაში, სადაც განლაგებულია სადავო ნივთები მუდმივად ცხოვრობდნენ მოპასუხე და მისი მეუღლე და სარგებლობდნენ ამ ნივთებით, ხოლო მოსარჩელე ძირითადად არ ცხოვრობდა ამ ფართში და, შესაბამისად არ ხდებოდა მის მიერ ამ ნივთებით სარგებლობა, ამდენად, ა. ხ-იანი მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საფუძველზე მფლობელად ვერ მიიჩნეოდა, ხოლო სხვა დამატებითი პირდაპირი მტკიცებულება მოსარჩელეს ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით არ წარუდგენია.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა _ იყო თუ არა ა. ხ-იანის ის ქონება, რომელსაც ყადაღა დაედო აღმასრულებლის მიერ. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინა მხოლოდ ნივთების ა. ხ-იანისადმი კუთვნილების საკითხი და არ დაუამტკიცებია, რომ რადგან ეს ქონება არ იყო ა. ხ-იანის, ამიტომ იგი უდავოდ იქნებოდა მ. ხ-იანის. ეს დავის საგანს არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც, საქმეზე დგინდებოდა, რომ ბინაში მ. ხ-იანთან ერთად ცხოვრობდა მისი მეუღლე ა. ხ-იანი და ისიც სარგებლობდა ამ ნივთებით, რომელსაც შეიძლებოდა დამოუკიდებელი პრეტენზია ჰქონოდა ნივთების კუთვნილებაზე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა. ხ-იანმა ვერ დაასაბუთა სადავო ნივთების მისადმი კუთვნილება, რის გამოც არ არსებობდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 102-106).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ალექსანდე ხ-იანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 134-142).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ა. ხ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სამართლომ მიუთითა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებულ იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რადგან დადგინდა, რომ ბინებში, სადაც განლაგებული იყო სადავო ნივთები, მუდმივად ცხოვრობდნენ მოპასუხე და მისი მეუღლე და სარგებლობდნენ ამ ნივთებით, ხოლო მოსარჩელე ძირითადად არ ცხოვრობდა ამ ფართში და, შესაბამისად, არ ხდებოდა მის მიერ ამ ნივთებით სარგებლობა, ა. ხ-იანი, მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საფუძველზე, მესაკუთრედ ვერ იქნებოდა მიჩნეული, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება მოსარჩელეს ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სარჩელში მითითებული გარემოებების დამტკიცება სათანადო მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარე, სარჩელი სწორად არ დაექვემდებარა დაკმაყოფილებას (ტომი II, ს.ფ. 96-104).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-იანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან ა. ხ-იანი არ ცხოვრობს ფართში, სადაც მოვალის ქონების დაყადაღების აქტი შედგა და შესაბამისად, არ ხდება მის მიერ დაყადაღებული ნივთებით სარგებლობა, მოსარჩელე მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საფუძველზე მესაკუთრედ ვერ მიიჩნევა. კასატორის მოსაზრებით, საკითხის ამგვარად შეფასება არამართებულია, რადგან თავად სასამართლომაც დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი არა ყოველთვის, არამედ ძირითადად არ სარგებლობდა სადავო ნივთებით. ეს გარემოება იმის დამადასტურებელია, რომ ა. ხ-იანი თავის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრების დროს სარგებლობს ამ ნივთებით და არის კიდეც მათი მესაკუთრე (ტომი II, ს.ფ. 111-117).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით ა. ხ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ხ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ხ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.