დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 18.10.2010
საქმის ნომერი
ას-768-718-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.10.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-768-718-2010 18 ოქტომბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ გ. მ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ პ. მ-იანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინება

დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 4 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა პ. მ-იანმა გ. მ-იანის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისა და მისი თანმხლები პირების გამოსახლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ. დედოფლისწყაროს ... ქუჩა ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (ტომი I, ს.ფ. 1-12).

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით პ. მ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გაჰარა მ-იანი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. დედოფლისწყაროში, ... ქ. ¹7-ში მდებარე პ. მ-იანის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან (ტომი I, ს.ფ. 194-196);

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-იანმა (ტომი I, ს.ფ. 202-213).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განჩინებით გ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. დედოფლისწყაროში, ... ქ ¹7-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა რ. კ-იანის სახელზე. 2007 წლის 26 იანვრის სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება სარეგისტრაციო სამსახურში აღირიცხა პ. მ-იანის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ დაეყრდნო სათანადო მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი, დადგენილია, რომ პ. მ-იანი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს და მან აღნიშნული ბინა შეიძინა ადრინდელი მესაკუთრისგან _ რ. კ-იანისგან. ასევე დადგენილია, რომ ჯერ კიდევ ბინის ადრინდელი მესაკუთრის, რ. კ-იანის მიერ, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული იყო სარჩელი მისი გამოსახლების მოთხოვნით. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით რ. კ-იანის სარჩელი სადავო უძრავი ქონებიდან გ. მ-იანის გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვინდიკაციური სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამივე წინაპირობა: 1. მოსარჩელე პ. მ-იანი წარმოადგენს უძრავი ნივთის მესაკუთრეს; 2. მოპასუხე გ. მ-იანი ფლობს პ. მ-იანის საკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებას; 3. მფლობელ გ. მ-იანს არ გააჩნია აღნიშნული ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. აპელანტის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ სადავო ქონების მართლზომიერ ფლობას. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს ეკისრება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი (ტომი II, ს.ფ. 127-133).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-იანმა. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბებაზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. მან პროცესზე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, რაც არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული, კასატორის აზრით, უკანონოა. რ. კ-იანის მიერ სადავო ბინაზე საკუთრების უფლების მოპოვება მოხდა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე და შემდგომ მოხდა მისი გასხვისება პ. მ-იანზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული წესით.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო მტკიცებულებები, რომლებიც მოგვიანებით იქნა წარდგენილი, თუმცა მათი მიღება კასატორისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა (ტომი II, ს.ფ. 142-148).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, გ. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.