საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002741465
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №247აპ-20 ქ. თბილისი
ჰ-ი ა., 247აპ-20 3 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჰ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ტ-სა და გ. ნ-ის და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შაკიაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1.2016 წლის დასაწყისში, თ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე „- ოფისში, ა. ჰ-მა გაიცნო კომპანია - დირექტორი მ. ფ., რომლისგანაც შეიტყო, რომ აღნიშნული კომპანია ეწეოდა კაფელ-მეტლახის იმპორტს ი-ის ი-ი რესპუბლიკიდან, რის გამოც წარმოეშვა განზრახვა, რომ მოტყუების გზით დაუფლებოდა კომპანიის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. ჰ-მა მ. ფ-ს შესთავაზა, რომ კაფელ-მეტლახის რეალიზაციას იგი თავისი კომპანიების მეშვეობით მოახდენდა საქართველოში და ნდობის მოსაპოვებლად, 2016 წლის 10 მარტს, თ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე შპს „-“ ოფისში, გაუფორმა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ (რომლის პირობების შესრულებასაც იგი სინამდვილეში არ აპირებდა). 2016 წლის 16 მარტიდან 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მ. ფ-მა ა. ჰ-ის კომპანიებს - შპს „ჯ-სა“ და შპს - მიაწოდა 113 568 აშშ დოლარად ღირებულ კაფელ-მეტლახი, თუმცა, ა. ჰ-ა მიისაკუთრა, როგორც კაფელ-მეტლახი, ისე - მისი რეალიზაციით მიღებული თანხა. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მ. ფ-ის კომპანიას მიადგა 113 568 აშშ დოლარის (290 000 ლარის) მატერიალური ზიანი.
1.2.2018 წლის 28 სექტემბერს ა. ჰ-მა განიზრახა გამოძიების შეცდომაში შეყვანა და თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად განაცხადა, რომ მას მ. ფ-ის რაიმე დავალიანება წინაშე არ გააჩნდა. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად კი წარადგინა დოკუმენტები, კერძოდ, თანხების გადაცემის ხელწერილები დედნების სახით 10 ფურცლად. 2018 წლის 18 ოქტომბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №- დასკვნით დადგინდა, რომ მ. ფ-ის კომპანიის - -- ბეჭედი გადახდის ქვითარზე იყო გაყალბებული. გრაფიკული ექსპერტიზის -- დასკვნით დადგინდა, რომ ყალბი ქვითრის შინაარსი და ხელმოწერები შედგენილია ა. ჰ-ის მიერ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით:
2.1. ა. ჰ-ი, - - - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბარალდებაში გამართლდა; ა. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულის ადვოკატები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ა. ჰ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.1.კასატორის - დაცვის მხარისათვის სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რომ თუ პირი თაღლითობაში მართლდება, მაშინ როგორ არის შესაძლებელი ყალბი დოკუმენტის შედგენა ამავე საქმეზე. ექსპერტს არ უთქვამს, რომ ხელმოწერები გააყალბა ა. ჰ-იმ, არამედ მიუთითა, რომ შესაძლოა ყოფილიყო მის მიერ გაყალბებული. ამასთან, ა. ჰ-ის ნიმუშები საქმეში არ არის წარმოდგენილი.
5. პროკურორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა. ჰ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
5.1. პროკურორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ჰ. თავიდანვე არ აპირებდა დაზარალებულისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და მოტყუებით დაეუფლა მის ქონებას. ატყუებდა, რომ მას მიღებული კაფელ-მეტლახი გაყიდული არ ჰქონდა და შესაბამისად, თანხასაც ვერ გადაუხდიდა, ხოლო გამოძიებას კი მიაწოდა ანგარიშფაქტურების ყალბი ქვითრები, რომ თითქოს, მას დავალიანება არ გააჩნდა. აღნიშნული კი აშკარად მეტყველებს მის განზრახვაზე.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატას მოტივაციას ა. ჰ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტ მ. რ-ას ჩვენება) უტყუარად ადასტურებს ა. ჰ-ის მიერ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
9. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების აღნიშნული ნაწილი წარმოდგენილი საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
10. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჰ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ტ-სა და გ. ნ-ის და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შაკიაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი