საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№128აპ-20 ქ. თბილისი
ხ-ა ა-ლ, 128აპ-20 2 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ხ-ას, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ-ოს რაიონის სოფელ ა-დან სოფელ კ-მდე არსებული გზის მონაკვეთზე, ავტომანქანაში, ადმინისტრაციულად დაკავებულმა ა. ხ-ამ თ-ოს რაიონული სამმართველოს პოლიციის მუშაკებს – ლ. გ-სა და ბ. ა-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც მათ, საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
· 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ-ოს რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ა-ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ა. ხ-ამ განზრახ, მარცხენა ფეხის დარტყმით დააზიანა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თ-ოს რაიონული სამმართველოს ა-ის პოლიციის განყოფილების მინა და ფარდა-ჟალუზი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 263,7 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით ა. ხ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. ხ-ას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მისთვის სამართლიანი, ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს, რომ ა. ხ-ას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ეს ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებითა და საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას.
9. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მისი წარსული ცხოვრება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ვითარება, რის გამოც ა. ხ-ა აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში, მიყენებული ზიანის ოდენობა და, საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილი ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
10. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომელზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე