დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 09.12.2010
საქმის ნომერი
ას-792-741-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-792-741-10 9 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. კ-ძე, ო. დ-ძე, თ. ი-ძე

წარმომადგენელი _ ე. პ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს. “, შპს “ა.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ძემ, ო. დ-ძემ და თ. ი-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “ს.-სა” და შპს “ა.-ს” მიმართ 2006 წლის 11 დეკემბერს შპს “ს.-სა” და შპს “ა.-ს” შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების სადავო ფართების ნაწილში, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის, ქ.ბათუმში, ... ქ¹63-ში (კვარტალი ¹45/155) მდებარე ფართის შპს “ს.-ს” საკუთრებაში დაბრუნების, მოსარჩელეებსა და შპს “ს.-ს” შორის არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე ქ.ბათუმში, ... ქ¹63-ში კვარტალი ¹45/155-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე, ბინა ¹27, მესამე სექციაში, ზღვის ხედით, საერთო ფართით 119.5 კვ.მეტრის მ.კ-ძის საკუთრებაში აღრიცხვის, ამავე მისამართზე მდებარე ბინა ¹43-ის, (მეოთხე სართული, ¹3 სექცია, მიმართულებით ზღვისკენ, საერთო ფართი ლოჯიების ჩათვლით 119.5 კვ.მ) აღირიცხოს ო.დ-ძის საკუთრებად, საცხოვრებელი ბინა, მდებარე საცხოვრებელ კომპლექს “ს.-ში”, ქ.ბათუმში, ... ქ¹63-ში, კვარტალი ¹45/155, ბინა ¹60, მეოთხე სართული, ¹5 სექცია, მიმართულებით ზღვისკენ (საერთო ფართი, ლოჯიების ჩათვლით 119.5 კვ.მ) თ.ი-ძის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ე.პ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ძის, ო.დ-ძისა და თ.ი-ძის წარმომადგენელმა ე.პ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოცემული საქმის მასალებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადებისა თუ ოდენობის შემცირებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-49-ე მუხლებით დადგენილი წინაპირობები არ დასტურდებოდა.

ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილ ვადაში კასატორთა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა კასატორთა წრის დაზუსტება, ასევე ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება, რაც საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 7 დღით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორთა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დადგენილი ხარვეზის სრულად გამოსასწორებლად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ე.პ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 7 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში ე.პ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, დამატებით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის შევსებულად მიჩნევის თაობაზე ან დამატებით საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით და დაევალათ უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ე.პ-ძემ კვლავ მომართა სასამართლოს განცხადებით, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევის თაობაზე ან საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის, ო. დ-ძისა და თ. ი-ძის წარმომადგენელ ე. პ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში სრულად არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, მ.კ-ძის, ო.დ-ძისა და თ.ი-ძის საკასაციო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კასატორთა წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მათ არაერთხელ გაუგრძელდათ ვადა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის, თუმცა კასატორებს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებიათ.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ.კ-ძეს, ო.დ-ძესა და თ.ი-ძეს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით და მათ დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორთა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა დამატებით 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და სასამართლოს წინაშე კვლავ იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორებს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად კვლავ არ გამოუსწორებიათ, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება ე.პ-ძის ¹ა-2887-10 განცხადებას, რომლითაც იგი კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელებას მოითხოვს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

უპირველესად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ.კ-ძეს, ო.დ-ძესა და თ.ი-ძეს არაერთხელ გაუგრძელდათ ვადა ხარვეზის სრულად გამოსწორებისათვის, თუმცა მხარეებს დადგენილი საპროცესო მოქმედება ამომწურავად არ შეუსრულებიათ, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის სამთვიან ვადას და სასამართლო ამ ვადის განმავლობაში ვალდებულია, შეამოწმოს ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი, დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამდენად, საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმის დანაწესისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული პროცესუალური ეკონომიის პრინციპის გათვალისწინებით თვლის, რომ კასატორთა წარმომადგენელ ე.პ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი როგორც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილ ვადას, ისე ამავე კოდექსით განმტკიცებულ პროცესუალური ეკონომიის პრინციპს, რის გამოც არ არსებობს შუამდგომლობის კვლავ დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.კ-ძის, ო.დ-ძისა და თ.ი-ძის წარმომადგენელ ე.პ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

მ.კ-ძეს, ო.დ-ძესა და თ.ი-ძეს უნდა დაუბრუნდეთ მათი წარმომადგენლის _ ე.პ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 15 ოქტომბერს ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი, 2010 წლის 10 ნოემბერს ¹5 საგადასახადო დავალებით გადახდილი 200 ლარი და 2010 წლის 27 ნოემბერს ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი, სოლ _ 600 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.კ-ძის, ო.დ-ძისა და თ.ი-ძის წარმომადგენელ ე.პ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

მ.კ-ძეს, ო.დ-ძესა და თ.ი-ძეს დაუბრუნდეთ ე.პ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 15 ოქტომბერს ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი, 2010 წლის 10 ნოემბერს ¹5 საგადასახადო დავალებით გადახდილი 200 ლარი და 2010 წლის 27 ნოემბერს ¹1 საგადასახდაო დავალებით გადახდილი 100 ლარი, სულ _ 600 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.