საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002330219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№241აპ-20 ქ. თბილისი
ა. ვ., 241აპ-20 31 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ვ. ა., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
მსჯავრდებულ ვ. ა-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.
2. ვ. ა-ას მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №-, ბინა №--ში, ვ. ა. და ამ ეტაპისათვის გამოძიებით დაუდგენელი პირი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად თავს დაესხნენ მ. ძ-ეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს ფულადი თანხა - 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - მსჯავრდებულ ვ. ა-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ვ. ა-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულის არასარწმუნო ჩვენებას; გასაზიარებელი არ იყო აგრეთვე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან მ. ძ-ის ჩვენება თანმიმდევრული და ლოგიკურია, ამასთან, შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - გ. ბ-სა და ქ. ბ-ის ჩვენებებსა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რის გამოც პალატას მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.
9. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ამომწურავად მსჯელობს განაჩენში, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნით (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში) უტყუარად დასტურდება ვ. ა-ას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი.
10.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი