საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003029351
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №299აპ-20 ქ. თბილისი
ლ. ა., 299აპ-20 28 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. რ-სა და ვ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ლ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. რ-მ და ვ. მ-მ.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ ა. ლ-ს უდანაშაულოდ ცნობას ყაჩაღობაში და მისი ქმედების სამართლებრივად სწორად დაკვალიფიცირებას, შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და, შესაბამისად, არასწორად დააკვალიფიცირა ა. ლ-ს ქმედება; მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ის ჯიხურთან მივიდა ქურდობის მიზნით და მოქმედებდა ფარულად, ჩუმად გატეხა ჯიხურის კარის მინა; ამ ფაქტს ასევე ადასტურებს დაზარალებული ი. ბ-ც; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ა. ლ. ჩვენება; ბრალდების მხარემ არ ამოიღო ჯიხურში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ხოლო დაცვის მხარემ ამის შესახებ გამოძიების დროს არ იცოდა; დაზარალებული განმარტავს, რომ არ ახსოვს, თუ რა უთხრა ა. ლ-მ, ასევე ვერ ასახალებს, თუ რა ეჭირა მას ხელში; დაზარალებულის ჩვენება არის ბუნდოვანი და არაერთგვაროვანი; ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ყაჩაღობის ფაქტი არ დასტურდება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ა. ლ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ლ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მაისიდან.
გაუქმდა მსჯავრდებულ ა. ლ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ლ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით.
ა. ლ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ა. ლ. იმყოფებოდა ... ნომერთან, რა დროსაც ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამსხვრია შპს „...“ კუთვნილი ჯიხურის შესასვლელი კარის მინა, შეაღწია ჯიხურში და ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, მოლარე ი. ბ-ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვა ფულის გადაცემა. ა. ლ-მ მიისაკუთრა შპს „...“ კუთვნილი ფულადი თანხა - 950 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ლ.ს ადვოკატებმა - გ. რ-მა და ვ. მ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის გამართლება ყაღაღობაში და მის მიერ ჩადენილი ქმედების სწორად დაკვალიფიცირება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულ ა. ლ-ს ქმედებაში არ იკვეთება ყაჩაღობის ნიშნები, ვინაიდან დაზარალებულ ი. ბ-ს ჩვენებით დგინდება, რომ როდესაც ა. ლ. ჯიხურში შევიდა, ხელში ეჭირა ბასრი საგანი. მან ფულის გადაცემა მოსთხოვა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დარტყმით დაემუქრა. ი. ბ-მ თავდამსხმელს მიუთითა კარადაზე, სადაც თანხა ინახებოდა. ა. ლ-მ ფული აიღო და გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი დაზარალებულთან ახლოს არ მისულა, მას ძალიან შეეშინდა, რადგან თავდასხმა იყო რეალური. აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ მსჯავრდებული შპს „...“ კუთვნილ ფულად თანხას ფარულად დაეუფლა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა. ლ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ლ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. რ-სა და ვ. მ-ს საკასაციო საჩივრები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი