საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.07.2020
საქმის ნომერი
2კ-334აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №334აპ-20 თბილისი

ა-ი ს-ა, 334აპ-20 30 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით ს. ა-ი, - -- - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 21 აგვისტოდან.

2. განაჩენის მიხედვით, ს. ა-ს მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ყ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში მცხოვრები ს. ა-ი 2018 წლის აპრილიდან, სიმთვრალის დროს, ხდებოდა აგრესიული და არასრულწლოვანი შვილების - გ. და დ. ა-ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს - ლ. ჩ-ს, რაც იწვევდა მის ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას, კერძოდ: 2018 წლის 25 აპრილს, შუადღის საათებში, იმავე წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23 საათზე და იმავე წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ყ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - დ. და გ. ა-ის თანდასწრებით ს. ა-მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, სცემა მეუღლეს - ლ. ჩ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ა-მა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას ან ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის შემსუბუქებას.

6. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოთარ სამუნაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ს. ა-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ს. ა-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე