შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№70აპ-20 2 ივლისი, 2020 წელი
ნ-ი ა., 70აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ა. ნ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2019 წლის ივლისში, ზუსტი დრო დაუდგენელია, აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ნ-მა უკანონოდ გადმოკვეთა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და აზერბაიჯანიდან გადმოვიდა საქართველოში.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ა. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ნ-ისათვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორ გიორგი ხაჩიძის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – პროკურორი გიორგი ხაჩიძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის დამამძიმებელი გარემოება, რომ ა. ნ-ი მიემალა გამოძიებას და არ ცხადდებოდა სასამართლოში, მან მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომლის აღსრულება ვერ მოხდება, ვინაიდან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოში არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ა. ნ-ისათვის ისეთი სახის სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა. ნ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ: ბრალდებულ ა. ნ-ისა და მოწმე გ. მ-ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ინფორმაციით სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ა. ნ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ნ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის – ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, ინდივიდუალური, ჩადენილი ქმედების სიმძიმის ადეკვატური და პროპორციული.
4. მსჯავრდებულ ა. ნ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
5. სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ოქმში დანაშაულის აღიარება, ნასამართლობის არქონა და დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ა. ნ-ისათვის სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრისათვის და მიაჩნია, რომ, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (მიემალა გამოძიებას და არ ცხადდებოდა სასამართლოში), მსჯავრდებულს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ა. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ა. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა. ნ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი