საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002775435
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №759აპ.-19 23 ივლისი, 2020 წელი
კ-ი გ. , 759აპ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი შაფათავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საპროცესო მოქმედებები:
1.1. 2016 წლის 29 სექტემბერს გ. კ-ი, ნ. ბ-ე, ი. გ-ი, ბ. ც-ე და გ. ნ-ი ცნობილ იქნენ ბრალდებულად: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა); საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (რასობრივი დისკრიმინაცია).
1.2. 2019 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ. კ-ი, ნ. ბ-ე, ი. გ-ი, ბ. ც-ე და გ. ნ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდნენ.
1.3. 2019 წლის 16 მაისს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გ. კ-ის, ნ. ბ-ის, ი. გ-ის, ბ. ც-სა და გ. ნ-ის დამნაშავედ ცნობა.
1.4. 2019 წლის 27 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2019 წლის 30 ივლისს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გამამართლებელი განაჩენი დარჩა უცვლელად.
1.5. 2019 წლის 26 აგვისტოს ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განაჩენის გაუქმება და გ. კ-ის, ნ. ბ-ის, ი. გ-ის, ბ. ც-სა და გ. ნ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
2. წარდგენილი ბრალდების არსი:
2.1. 2016 წლის 27 სექტემბერს ორგანიზაცია „---“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც სახე სრულად ჰქონდა დაფარული შავი ფერის ნიღბით, რასობრივი დისკრიმინაციის მიზნით, გ. ჟ-ს, ნ. ბ-ეს, ც. ც-ს, ი. გ-ს, ბ. ც-ეს, გ. ა-ეს, ზ. კ-ს, გ. ბ-ს, ი. ჩ-ს, გ. ნ-ს, გ. კ-ს, ი. მ-სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს, შეკრებაზე მოუწოდა შემდეგი სიტყვებით: „წავიდეთ და აღმაშენებელი დავანგრიოთ“, ვინაიდან იცოდა რომ ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მრავლად იყო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების კუთვნილი ობიექტები (მათ შორის ბარ-რესტორნები და კვების სხვა დაწესებულებები). ხსენებული პირები მის მოწოდებას ოვაციებით შეხვდნენ და შეძახილებით დაეთანხმნენ.
2.2. იმავე დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან 20:30 საათამდე შუალედში, ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ორგანიზაცია „---“ ე.წ. ლიდერებმა და წევრებმა: გ. ჟ-მა, ნ. ბ-ემ, ც. ც-მა, ი. გ-მა, ბ. ც-ემ, გ. ა-ემ, ზ. კ-ამ, გ. ბ-მა, ი. ჩ-მ, გ. ნ-მა, გ. კ-მა, ი. მ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, რომლებიც მოქმედებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მომარჯვებული ხელკეტებით, სხვადასხვა საგნითა და ე.წ. „მაშხალებით“, დაიწყეს ორგანიზებული, მასობრივი მსვლელობა მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, რა დროსაც თურქი, არაბი და სხვა ეროვნების მოქალაქეების მიმართ ხმამაღალი შეურაცხმყოფელი, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების გამომხატველი სიტყვებით, ძალადობის გამოყენებითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ კვების ობიექტებსა და სხვა დაწესებულებებს, აზიანებდნენ ქუჩაში არსებულ უცხოურწარწერიან სარეკლამო ბანერებს. გარდა ამისა, მსვლელობის მონაწილეები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და აღნიშნულ რესტორნებში შეაგდეს ცეცხლმოდებული ე.წ. „მაშხალები“, რითიც საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფთა ჯანმრთელობას.
2.3. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს გ. ჟ-ი, ნ. ბ-ე, ც. ც-ი, ი. გ-ი, ბ. ც-ე, გ. ა-ე, ზ. კ-ა, გ. ბ-ი, ი. ჩ-ა, გ. ნ-ი, გ. კ-ი, ი. მ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები გადაადგილდებოდნენ აღმაშენებლის გამზირზე, აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი მოქალაქეებისა და რესტორნების სტუმრების მიმართ და დააზიანეს მათი კუთვნილი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, შეეწყვიტათ უკანონო ქმედებები, ისინი განაგრძობდნენ ძალადობას და ძალადობის მუქარას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
3. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, გ. კ-მა, ნ. ბ-ემ, ი. გ-მა, ბ. ც-ემ და გ. ნ-მა ჩაიდინეს ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია.
3.2. გ. ნ-სა და ბ. ც-ის ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებები, რომლებმაც დააკავეს ისინი და ვერ ადასტურებენ, რა ფორმით და საშუალებებით არღვევდნენ ბრალდებულად ცნობილი პირები საზოგადოებრივ წესრიგს, კონკრეტულად რაში გამოიხატა მათ მიერ საზოგადოებისადმი უპატივცემულობა ან/და რასობრივი დისკრიმინაცია.
3.3. შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების აღწერისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ნაწილს, მათ შორის - პოლიციელებს, ბრალდებულები შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს, ხოლო ნაწილს - არ ახსოვს, კონკრეტულად რას აკეთებდნენ ისინი. ბრალდებულები ძირითადად ხელმძღვანელის მითითებით დააკავეს, რომლებიც, როგორც წესი, ვერ იხსენებენ ინდივიდუალურად, რაში გამოიხატა ბრალდებულების მიერ კანონის დარღვევა.
3.4. სააპელაციო პალატა განაჩენში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის: დათვალიერდა არაერთი დარბეული ობიექტი და ამოღებულ იქნა დავით აღმაშენებლის გამზირის მთელს პერიმეტრზე დამონტაჟებული გარე და შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დაინიშნა საექსპერტო კვლევები და გაიცა დასკვნები, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა გ. კ-ის, ნ. ბ-ის, ი. გ-ის, ბ. ც-სა და გ. ნ-ის მიერ კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. საკასაციო საჩივრის ავტორი - პროკურორი გიორგი შაფათავა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია გ. კ-ის, ნ. ბ-ის, ი. გ-ის, ბ. ც-სა და გ. ნ-ის მიერ ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. კასატორი არ მიუთითებს არცერთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც დაარღვია თბილისის სააპელაციო სასამართლომ. გამამართლებელი განაჩენის დაუსაბუთებლობის არგუმენტად ავითარებს ზოგად მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს რასობრივი დისკრიმინაცია და ხულიგნობა.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას და მიუთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია ის, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ჩადენილ იქნა ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია, თუმცა ისინი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ, რომ აღნიშნული ქმედებები ჩაიდინეს გამართლებულებმა.
5.3. ზოგიერთი მოწმის ჩვენებაში აღწერილია 2016 წლის 27 სექტემბერს აღმაშენებლის გამზირზე განვითარებულ მოვლენები, თუმცა აღნიშნული ჩვენებებით გამართლებული პირების მიერ არათუ დანაშაულის ჩადენა, არამედ მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტიც კი არ დასტურდება.
5.4. მოწმეთა ნაწილის ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი გ. კ-ის, ნ. ბ-ის, ი. გ-ის, ბ. ც-სა და გ. ნ-ის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ, ისინიც ზოგადად აღწერენ 2016 წლის 27 სექტემბერს აღმაშენებლის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
5.5. მოწმეები: კ. მ-ი და ბ. ბ-ი ჩვენებებით, მართალია, ადასტურებენ გამართლებულების შემთხვევის ადგილზე ყოფნას, მაგრამ ვერ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რაში გამოიხატა მათ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით და რასობრივი დისკრიმინაცია.
5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების გარკვეული ნაწილის ჩვენებების გარდა, დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამ მოწმეთა ჩვენებებიც უთითებენ ზოგადად ჩადენილ სამართალდარღვევაზე, მაგრამ მათი ჩვენებიდან არ იკვეთება კონკრეტულ პირთა ინდივიდუალური ბრალეულობა.
5.7. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 12 დეკემბერს ჩატარებულ ექსპერტიზის N--- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკსა და ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატში არსებულ ფოტო-ვიდეოგამოსახულებებში ნ. ბ-ის, ბ. ც-ის, გ. ნ-სა და გ. კ-ის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი იერსახის გამოსახულებები ვერ აღმოაჩინეს.
5.8. ამავე ექსპერტიზის დასკვნით ვიდეოგრამაზე გამოძიებისთვის საინტერესო პირისა და ელექტრონული ბაზიდან ამოღებულ ი. გ-ის გამოსახულებაზე, სავარაუდოდ, დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირის გამოსახულება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაც ვერ გახდება ი. გ-ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, მითუფრო, რომ საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, ჩნდება გონივრული ეჭვი ი. გ-ის მსვლელობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.10. ამდენად, ვინაიდან კასატორი ვერ ასაბუთებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ კრიტერიუმებს, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი შაფათავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
ბ. ალავიძე