საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.06.2020
საქმის ნომერი
2კ-45აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002969838

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №45აპ-20 ქ. თბილისი

ჯ. ტ., 45აპ-20 15 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ ტ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ და მსჯავრდებულმა ტ. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ.

- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ტ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111, 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ტ. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები დასტურდება მოწმეების - ლ. ე-სა და ლ. ბ-ს ჩვენებებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები; დაზარალებულისათვის გადაღებული ფოტოსურათებითა და ვიდეოჩანაწერით, რომელშიც ასახულია, როგორ აიძულებდა ტ. ჯ. დაზარალებულს იმის თქმას, რაც მას არ სურდა.

- მსჯავრდებული ტ. ჯ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის სრულად გამართლებას, შემდეგი მოტივებით:

დანაშაულებრივი ფაქტის შემსწრე ერთადერთმა თვითმხილველმა, დაზარალებულმა ნ. მ-მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი მეუღლის - ტ. ჯ-ს წინააღმდეგ, რის შესაბამისადაც, იგი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, ხოლო მისი ჩვენება კი წარმოადგენს ტ. ჯ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას; მოწმეების - ლ. ე-სა და ლ. ბ-ს ჩვენებები არის ირიბი, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, მასზე ჩატარებული არ არის შესაბამისი ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები და, შესაბამისად, არ დგინდება მასში მონაწილე პირების ვინაობა და ჩაწერის დრო. ამასთან ეს ვიდეოჩანაწრი დაუშვებელი მტკიცებულებაა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ტ. ჯ-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში; ოჯახში ძალადობაში, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულებაში, ესე იგი, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, მის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა .

ტ. ჯ.ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 20.. წლის .. მარტს ტ. ჯ. და მისი ოჯახის წევრი - ნ. მ. იმყოფებოდნენ ... მდებარე, ბინა N..-ში, სადაც ტ. ჯ-მ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ნ. მ-ს, კერძოდ: ჩაუკეტა კარი, გამოართვა ტელეფონი და არ აძლევდა ბინიდან წასვლის საშუალებას.

- 20.. წლის .. მარტს ტ. ჯ. და მისი ოჯახის წევრი - ნ. მ. იმყოფებოდნენ ... მდებარე, ბინა N..-ში, სადაც ტ. ჯ-მ იძალადა ნ. მ-ზე, კერძოდ: სახისა და ფეხის არეში ძლიერი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

- 20.. წლის .. მარტს ტ. ჯ. და მისი ოჯახის წევრი - ნ. მ. იმყოფებოდნენ ... მდებარე, ბინა N15-ში, სადაც ტ. ჯ-მ ფიზიკურად იძალადა ნ. მ-ზე და მუქარით მოსთხოვა გაშიშვლებულიყო, რის შემდეგაც ნ. მ-ს ტელეფონით შიშველს გადაუღო სურათები და გააკეთა ვიდეოჩანაწერი, სადაც აიძულებდა, ესაუბრა პირადი ცხოვრების შესახებ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ტ. ჯ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ტ. ჯ.ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ტ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრსა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 22 მარტიდან.

გაუქმდა ტ. ჯ.ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

20.. წლის .. მარტს ტ. ჯ. და მისი შეყვარებული ნ. მ. იმყოფებოდნენ ... მდებარე, ბინა #..-ში, სადაც ტ. ჯ-მ ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ნ. მ. აიძულა, გაშიშვლებულიყო, რის შემდეგაც ტელეფონით შიშველს გადაუღო სურათები და გააკეთა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აიძულებდა, ესაუბრა პირადი ცხოვრების შესახებ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. ჯ.ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111, 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

- მსჯავრდებულმა ტ. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის სრულად გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა ტ. ჯ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ნ. მ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის - ტ. ჯ.ს წინააღმდეგ. ამდენად, პროკურორი დაზარალებულ ნ. მ-ს თავისუფლების აღკვეთის ბრალდების ნაწილში ძირითადად აპელირებს მოწმეების - ლ. ე-სა და ლ. ბ-ს ჩვენებებზე, დაზარლებულის მიერ ლ. ე-სათვის გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებაზე, რომელშიც იგი ლ. ე-ს წინასწარ სთხოვს და აფრთხილებს, რომ შესაძლოა, მისი დახმარება დასჭირდეს, რომ თუ გარკვეულ დრომდე არ შეეხმიანება, ან ვერ დაუკავშირდება ტელეფონით, მიმართოს პოლიციას, ასევე მსჯავრდებულ ტ. ჯ.ს მიერ ნ. მ-ოსათვის გადაღებულ ფოტოსურათებსა და ვიდეოჩანაწერზე. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არცერთი ზემომითითებული მტკიცებულება არ ადასტურებს დაზარალებულისათვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტს, კერძოდ: მოწმე ლ. ე. თავის ჩვენებაში აღნიშავს, რომ მან, ვინაიდან იცოდა ტ. ჯ.ს წარსული ნასამართლობის შესახებ ივარაუდა, რომ შესაძლოა ტ.მ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, ნ. მ., სავარაუდოდ, გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა, რის გამოც დარეკა 112-ში, აუხსნა სიტუაცია და ნ-ს შეტყობინების სრული ციტირება მოახდინა. რაც შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, მასში დაზარალებული არ უთითებს, რომ თავისუფლება აქვს აღკვეთილი და ეს ფაქტი ასევე არ დასტურდება არც ტ. ჯ.ს მიერ დაზარალებულისათვის გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოჩანაწერით, ხოლო ლ. ბ-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ მას ნ. მ-მ უთხრა, რომ ტ. ჯ. არ აძლევდა ბინიდან წასვლის საშუალებას, ირიბი ხასიათისაა და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულ ტ. ჯ.ს ფიზიკურ ძალადობას დაზარალებულ ნ. მ-ზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მაგრამ განმარტა, რომ ეს ქმედება წარმოადგენდა არა ცალკე დანაშაულს (ტ. ჯ.სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას), არამედ, იგი მიმართული იყო იმ მიზნისაკენ, რომ დაზარალებული ეიძულებინა შეესრულებინა მსჯავრდებულისათვის სასურველი მოქმედება, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებასაც, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულ ტ. ჯ.ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებაში, ვინაიდან, მართალია დაზარალებულმა ნ. მ-მ უარი განაცხადა მისი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ბრალდების მითითებულ ნაწილში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს იმ მკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის ბრალეულობა, კერძოდ: დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ნ. მ-ს 9 ფოტოსურათი, რომელშიც იგი გაშიშვლებულია და ასევე - ნ. მ-ს ვიდეოჩანაწერი, რომლის შინაარსი და დაზარალებულის სიტყვები ცალსახად ადასტურებს, რომ იგი იძულებით იმეორებს ტ. ჯ.ს მიერ მისთის ნათქვამ სიტყვებს და ემორჩილება მის ნება-სურვილს, საკუთარის საწინააღმდეგოდ, სახელდობრ: ვიდეოჩანაწერში ტ. ჯ. მას ეუბნება: „მიდი, აბა, ჩართულია, გელოდები‘‘, რაზეც გაშიშვლებული ნ. მ. ეკითხება: ,,რა ვთქვა?‘‘ და ტ. ჯ. აწვდის იმ ინფორმაციას, რისი მოსმენა და ჩაწერაც თვითონ სურს: „ძალიან მიხარია შენი ნახვა‘‘, ნ. მ. კი იმეორებს ამ სიტყვებს: ,,ძალიან მიხარია შენი ნახვა‘‘. შემდეგ ეუბნება: ,,თქვი, რამდენი მამაკაცი გჟიმავდა, გაიმეორე‘‘, ,,რამდენი გჟიმავდა, გაიმეორე, გეხვეწები, ხუთი, გაიმეორე, მეხუთე ვარ მე, ა, ხუთი, კი, ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს შენებმა‘‘; სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულ ნ. მ-ს სხეულზე აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები; მოწმეების - ლ. ე-სა და ლ. ბ-ს ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება დაზარალებულის მიერ ლ. ე-სათვის დახმარების თხოვნის, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისა და პოლიციის გამოძახების, ასევე ნ. მ-სა და ტ. ჯ.ს ბინაში ერთად ყოფნის ფაქტი. საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებულის ტელეფონიდან მოპოვებული ზემოხსენებული ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი დაუშვებელი მტკიცებულებაა. მითითებულ საკითხზე განაჩენში ამომწურავად მსჯელობს სააპელაციო სასამართლო, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად იზიარებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ ტ. ჯ.სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი