საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.06.2020
საქმის ნომერი
2კ-38აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002660904

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №38აპ-20 ქ. თბილისი

ლ. კ.,38აპ-20 19 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალიფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ლ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით:

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა კ. ლ-ს ბრალეულობა, კერძოდ: როგორც დაზარალებული თ. ო., ასევე მოწმეები - ბ. ბ. და გ. ჯ. ადასტურებენ გ. ჯ-სა და კ. ლ-ს შორის მომხდარ კონფლიქტს; საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, კ. ლ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საძინებელ ოთახში არსებული სავარძლიდან ამოღებულ იქნა დასაკეცი დანა, აბაზანაში, სარეცხი მანქანიდან - მოყავისფრო მოკლემკლავიანი მაისური, ხოლო კ. ლ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მოვერცხლისფრო, ხის ორნამენტებით გაწყობილი დასაკეცი დანა, ასევე - კ. ლ-ს ტანსაცმელი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ლ-ს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათიდან, ... დასახლების მიმდებარედ, კ. ლ-მ, თ. ო-მ, ბ. ბ-მ, გ. ჯ-მ, ტ. ჯ- მ და კ. ქ-მ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. კ. ლ-მ და გ. ჯ-მ მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტისას ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო, გ. ჯ-მ და ბ. ბ-მ გადაწყვიტეს მთვრალი კ. ლ-ს სახლში გაცილება. მათვე გაჰყვა სახლში მიმავალი თ. ო-ც. მთელი გზის მანძილზე, კ. ლ. არ წყვეტდა გ. ჯ-ს გინებას და მისი ოჯახის წევრების ლანძღვას, რის გამოც „ჰ-ს“ დასახლებამდე, დაახლოებით 400 მეტრში, თ-ს მხრიდან მიმავალ საავტომობილო გზაზე, თ. ო-მ მოუწოდა, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება და დაარტყა სახის არეში, რასაც მოჰყვა თ. ო-სა და კ. ლ-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება. ამ დროს კ. ლ-მ თ. ო-ს დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაზიანება მიაყენა, კერძოდ: გულმკერდის ღრუში შემავალი - 2 ნაკვეთი ჭრილობა, ასევე, მარცხენა მხრის არეში - ნაკვეთი ჭრილობა. კ. ლ-ს დანაშაულებრივი განზრახვა იქვე მყოფ პირთა ხელის შეშლის გამო, სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით კ. ლ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა კ. ლ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა უნდა მოეხსნას ც. კ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ეკვივალენტურ წილს (მდებარე ...), რომელიც დადებულია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 10000 ლარის სანაცვლოდ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კ. ლ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კ. ლ-ს ბრალეულობა და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომ ვინაიდან დაზარალებულმა თ. ო-მ, ასევე მოწმეებმა - ბ. ბ-მ და გ. ჯ-მ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს, რომელთა მიხედვით, მათ არ დაადასტურეს კ. ლ-ს მხრიდან დაზარალებულისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, ამ მოწმეთა მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო კ. ლ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი. რაც შეეხება კ. ლ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებულ დასაკეც დანას, მაისურს, მეორე დასაკეც დანასა და ტანსაცმელს, მითითებულ ნივთებზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზების დასკვნებით არ დგინდება, რომ თ. ო-ს დაზიანებები მიყენებული აქვს კ. ლ-ს პირადი ან/და ბინის ჩხრეკისას ამოღებული რომელიმე დანით. ასევე, კ. ლ-ს ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლის კვალი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი