საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002196183
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №209აპ-20 ქ. თბილისი
თ-ა დ 209აპ-20 5 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ა და მსჯავრდებულ ე. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. თ-ს გამართლებას.
მსჯავრდებულ ე. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ე. ბ-ს გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით:
ე. ბ-ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.
დ. თ-ა, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017წლის 23 ოქტომბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ე. ბ-ი, მეტსახელად „მ-ი“, დ. თ-ა და სხვა პირთან ერთად მივიდნენ ბ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თ-ი, ვ-ს მე - ... მ/რ, მე - .. კვარტალი, მე - ... კორპუსი, ბინა N..... - ში. ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ე. ბ-ი და დ. თ-ა ბ. მ-ნ მოითხოვდნენ 2000 აშშ დოლარის (4960 ლარი) გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. ე. ბ-ი ბ. მ-ს გაეცნო, როგორც „დიდი ქურდული ოჯახის წევრი“ „მ-ი“, რომლის სიტყვასაც ჰქონდა „დიდი ძალა“ და მისი სიტყვის შეუსრულებლობისთვის მოეთხოვებოდა პასუხი. 2017 წლის 10 ოქტომბერს ე. ბ-ი და დ. თ-ა კვლავ დაუკავშირდნენ ბ. მ-ს და თანხის გადახდის ვადად განუსაზღვრეს იმავე დღის 21:00 საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. 2017 წლის 11 ოქტომბერს, 13:30 საათიდან 14:00 საათამდე, ბ. მ-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ე. ბ-ი, მეტსახელად „მ-ი“ და დ. თ-ა, რომლებმაც ბ. მ-ნ მოითხოვეს თანხის გადახდა 2017 წლის 17 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაემუქრნენ მოკვლით (თავის მოჭრით). 2017 წლის 17 ოქტომბერს ე. ბ-ი და დ. თ-ა ბ. მ-ნ სატელეფონო საუბრისას მოითხოვდნენ თანხის დროულად გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სახეზე ჭრილობის მიყენებით და ჯანმრთელობის დაზიანებით. იმავე დღეს ე. ბ-ა და დ. თ-მ გ. ქ-ა და თ. ბ-ს დაავალეს ბ. მ-ს მოძებნა და მისი ცემა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - დ. თ-ა და ე. ბ-ს გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ უთითებენ სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებასა და ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე.
7. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ N648აპ.-18 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ, ვინაიდან განსახილველ საქმეში დაზარალებულ ბ. მ-ს ჩვენების გარდა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის: მოწმეების - გ. გ-ს და ი. ბ-ს ჩვენებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნები, რომელთა სისწორეც დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ე. კ-ა, ე. ა-ა, ვ. ბ-მ და რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. თ-ა და ე. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ დაზარალებული ბ. მ-ი თავად აღიარებდა ვალს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ბ. მ-ა დაკითხვისას განაცხადა, რომ მან მხოლოდ ზ. ო-ნ რეკომენდაცია გაუწია დ. და ი. ხ-ს, ხოლო ისინი რა პირობებზე შეთანხმდნენ, მისთვის უცნობია. მას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ გააჩნდა აღნიშნული პირების მიმართ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა მოწმე ზ. ო-ს ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ სწორედ მან დააწყებინა მუშაობა ი. და დ. ხ-ს, რომელთა წინაშე მას ჰქონდა ხელფასის გადახდის ვალდებულება, თუმცა ვინაიდან მათ სამუშაო შეასრულეს უხარისხოდ და საჭირო გახდა სარემონტო სამუშაოების ხელმეორედ ჩატარება, რაც დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებთან, ი. და დ. ხ-ს არ გადაუხადა თანხა და განუმარტა, რომ არც აპირებდა გადახდას.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტაციას დაზარალებულ ბ. მ-ს ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება ფაქტობრივი გარემოებების მითითების ნაწილში მტკიცების საგანთან მიმართებით არ არის არსებითად წინააღმდეგობრივი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან. დაზარალებულს ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა მსჯავრდებულებთან. შესაძლებელია, მან ზუსტად ვერ გაიხსენა, კონკრეტულად რომელი შეხვედრისას ზუსტად რა განუცხადეს მათ, მაგრამ კატეგორიულად დაადასტურა ის გარემოება, რომ ე. ბ-ი და დ. თ-ა გაეცნენ მას, როგორც „ქურდული ოჯახის წევრები“, უკავშირდებოდნენ ტელეფონით და სთხოვდნენ შეხვედრას, შეხვედრებისას კი ახდენდნენ ფსიქოლოგურ ზეწოლას და ორივე ემუქრებოდა, რომ თუკი არ გადასცემდა 2000 აშშ დოლარს, გაუსწორდებოდნენ, სახეზე დაუტოვებდნენ იარას. დ. თ-ა და ე. ბ-ი დაემუქრნენ დანის დარტყმით, დაჭრითა და მოკვლით. დაზარალებულ ბ. მ-ს ჩვენების უტყუარობა დასტურდება საქმეზე გამოკვლეული ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, სადაც საუბარია სწორედ ბრალდებულთა მხრიდან თანხის გამოძალვაზე, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ცემასა, სახეზე იარის დატოვებასა და მოკვლაზე. ერთ-ერთ ჩანაწერში ე. ბ-ი აცხადებს: „მე ქურდი ვარ, არც პოლიციის მეშინია და არც არავის. ღმერთის გარდა, არავისი მეშინია. ყველას ყელს გამოვჭრი, ვინცმე მომატყუებს“. „ალლაჰს გეფიცები, ღმერთს გეფიცები, მითხარი, სად ხარ, თუ მარტო არ მოვიდე „ტვარი ვიყო! მარტო მოვალ იქ, სადაც იქნებით და დაგანახებთ ჩემს ქურდულ სისხლს და სულს. იქ მოვალ, სადაც მეტყვით“. ..... გადაეცი, რომ სადაც არ უნდა დამემალოს, ვიპოვი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს, მივაგნებ. მთელ ზ-ს ყურებზე დავაყენებ, მთელ საქართველოს ყურებზე დავაყენებ, სადაც ჩემი ძმები არიან და მაგას სახეზე ისეთ (საუბრობს უცენზურო ლექსიკით) „შრამს“დაასვამენ, რომ (არ ასრულებს, საუბრობს უცენზურო ლექსიკით), .... ამის პირობას ვიძლევი ჩემი ღირსების წინაშე“. ასევე 2017 წლის 17 ოქტომბერს განხორციელებულ საუბარში(13:35:04 საათიდან-13:36:02 საათამდე შუალედში) იგი აღნიშნავს:„სადაც არ უნდა იყო, ყველგან მოგძებნი!.... საქართველო ძალიან პატარაა და რაც ვთქვი, იმას გავაკეთებ“. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულის ჩვენება ასევე გამყარებულია მოწმეების - ი. ბ-ა და გ. გ-ს ჩვენებებით, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ იმას, თუ მსჯავრდებულები როგორ სთხოვდნენ დაზარალებულს ფულს და როგორ ემუქრებოდნენ მას.
11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - ადვოკატ ო. ხ-ს მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას იმის თაობაზე, რომ დ. თ-ს მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა არ შეიცავს მუქარას და არ არის ძალადობისკენ მიმართული, რომ თითქოს, ე. ბ-ა და დ. თ-ს საუბარი დაზარალებულსა და ი. ბ-ნ არის მშვიდ ვითარებაში გამართული დიალოგი, შემდეგ გარემოებათა გამო: საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერით (და ტ. 1, ს.ფ. 63-76 წარმოდგენილი კრებსებით) დადგინდა, რომ ბ. მ-ს საცხოვრებელ სახლში მისვლისთანავე ე. ბ-ა და დ. თ-ს მხრიდან დაიწყო დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის განხორციელება, კერძოდ: ე. ბ-ი ბ. მ-ს გაეცნო, როგორც „მ-ი“, დიდი ქურდული ოჯახის შვილის ვაჟი, რომელიც არის ყველა ქურდის მეგობარი. ბ. მ-ს განუმარტა ქურდების გადაწყვეტილება, რომ 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. სწორედ ამ დროს საუბარში ჩაერთო დ. თ-ა, რომელიც ბ. მ-ს მიმართავს, „საცოდავი სახე გაქვს, თორემ გასალახი ხარ და გაგლახავდიო“. ორივე ბრალდებული სთხოვს ფულს დაზარალებულ ბ. მ-ს. მათი განმარტებით, დაუკავშირდებოდნენ ქურდებს, რომლებიც ეტყოდნენ თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ბ. მ-ს. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ დ. თ-ა მიმართავს ი. ბ-ს, რომ ამ თანხის გამო მასაც და დაზარალებულსაც „მოკითხავენ“. ი. ბ-ე ეკითხება მას:„როგორ ხდება ისე მოკითხვები?.“ „ორივე მხარეს მოკითხავენ. როგორ უნდა მოიკითხო გეკითხება /მიმართავს მ-ს/.“ „მ-ა“ კი პასუხობს: ამას ისე აკეთებენ, აქიდან იქით.“..... „მერე მთელი ცხოვრება ემახსოვრება. იცი რისთვის კეთდება ეს? რომ ყველამ იცოდეს, რომ შენ ვიღაცა მოატყუე და მიგახიეს პირი.“ ე. ბ-ი და დ. თ-ა საუბრობენ იმაზე, თუ რატომ უნდა შეაწუხონ ქურდები, ბ. მ-ი ხომ ისედაც საცემია. დაზარალებულზე თანხის გამოძალვის მიზნით ძალადობის მუქარის ფაქტი დადასტურდა ფარული ჩანაწერებით, სადაც საუბარია დ. თ-ს მხრიდან ბ. მ-ს ცემის თაობაზე დავალების გაცემაზე. დ. თ-მ დაავალა თ. ბ-ს და გ. ქ-ს ბ. მ-ს ცემა და დასისხლიანება. ცემის დავალების მიღება დ. თ-ნ დადასტურდა მოწმე თ. ბ-ს ჩვენებითაც.
12. სასამართლო ითვალისწინებს რომ კასატორი ო. ხ-ე არ უარყოფს და ადასტურებს, რომ დ. თ-მ უთხრა დაზარალებულს ‘პრობლემები შეგექმნება“, თუმცა ვინაიდან დ. თ-ს არ დაუკონკრეტებია შინაარსი არ შეიძლება აღნიშნული ჩაითვალოს ძალადობის მუქარად. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. თ-ს და ე. ბ-ს მიერ მათთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
13. სასამართლო ასევე აღნიშნავს რომ სასამართლოს არსებითი განხილვის სხდომაზე გამოსაქვეყნებელი და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ სსსკ-ის მე-9 მუხლით დადგენილი სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას იღებს მხარე. შესაბამისად, თუ ო. ხ-ს საჭიროდ მიაჩნდა ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში მთითებული ცალკეული პირების არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვა, აღნიშნული პირები თავად უნდა მიეთითებინა დაცვის მხარის მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე დასაკითხ პირთა სიაში, რაც არაერთხელ განმარტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ა და მსჯავრდებულ ე. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე