საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.08.2020
საქმის ნომერი
2კ-280აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.08.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002873906

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №280აპ-20 ქ. თბილისი

მ-ი ი, 280აპ-20 4 აგვისტო, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი მადონა ურუშაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ-ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქ-ი ი. მ-ა უკანონოდ შეაღწია ქ. ს-ს საცხოვრებელ სახლში, ეზოში გამოსულ ქ. ს-ს ხელები შეუბოჭა, სამზარეულოში შეიყვანა და მოსთხოვა ფული. ამის შემდეგ ქ. ს-ა სახლში მყოფ მეუღლეს - ა. ს-ს მოატანინა ფული - 150 ლარი და გადასცა ი. მ-ს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ი. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო.

გამართლებულ ი. მ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლას გამამტყუნებელი განაჩენით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და გასაჩივრებული განაჩენით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა.

8. სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებაში ი.მ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის ( მსჯავრდებულის) სასარგებლოდ (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

9. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ი. მ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე