დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 31.01.2011
საქმის ნომერი
ას-1186-1047-2010
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1186-1047-2010 31 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. პ-იანის წარმომადგენელი დ. ა-ავა

მოწინააღმდეგე მხარე – ც. მ-შვილი, მ. ს-ური, ლ. ღ-ძე, ე. ქ-შვილი, თ. ქ-შვილი, ზ. კ-იანი, ნ. ყ-შვილი, ნ. პ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-იანის სარჩელი ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹24-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების: 2007 წლის 6 იანვარს ნ. პ-ძესა და ც. მ-შვილს შორის, 2007 წლის 7 სექტემბერს ლ. ღ-ძესა და თ. და ე. ქ-შვილებს შორის, 2007 წლის 7 სექტემბერს ლ. ღ-ძესა და მ. ს-ურს შორის, 2008 წლის 15 იანვარს ლ. ღ-ძესა და ნ. ყ-შვილს შორის, 2008 წლის 29 იანვარს ნ. ყ-შვილსა და ზ. კ-იანს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და თბილისში, ... ქ.¹24-ში მდებარე უძრავი ქონების ქ. ბ-იანისათვის მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ-იანის წარმომადგენელმა დ. ა-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ა. პ-იანი არ იქნა დაშვებული ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ. ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით კი, ქ. ბ-იანის წარმომადგენელ დ. ა-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა-ავას სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მარწმუნებლის გარდაცვალების გამო, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2009 წლის 21 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდგომ, 2009 წლის 25 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, წარმოდგენილ იქნა ქ. ბ-იანის გარდაცვალების მოწმობა, საიდანაც დადგინდა, რომ ქ. ბ-იანი 2009 წლის 18 ივლისს გარდაიცვალა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი, ა. პ-იანის მიერ დ. ა-ავას სახელზე გაცემული მინდობილობით, დ. ა-ავას ვერ მიენიჭებოდა ა. პ-იანის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა ქ. ბ-იანისა და ა. პ-იანის ნათესაური კავშირი და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც, არ იყო წარმოდგენილი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი _ სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, ა. პ-იანი გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ შეიძლებოდა დაშვებულიყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდა ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლეს, ხოლო დ. ა-ავა არ იყო აღჭურვილი დაინტერესებული პირის (უფლებამონაცვლის) მიერ გაცემული მინდობილობით და, შესაბამისად, მისი, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ, აღძრული საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ ა. პ-იანის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ და ასევე 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ა-ავამ, მოითხოვა დასახელებული განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ა. პ-იანის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა და ასევე სომხეთის რესპუბლიკის ერევნის შენგავითის მუნიციპალიტეტის სახლთმფლობელობა “ლილითის” მიერ გაცემული ცნობა მასზე, რომ ქ. ბ-იანის ერთადერთი უფლებამონაცვლე მისი შვილი _ ა. პ-იანი იყო, ამასთან, სასამართლოს სთხოვა გონივრული ვადა სამკვიდრო მოწმობის წარმოსადგენად, მით უფრო, რომ საქმის განხილვის შესაჩერებლად ვადა 2010 წლის 25 ნოემბრამდე ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ვადის მიცემაზე უსაფუძვლოდ უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ ა. პ-იანი ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენდა.

ვინაიდან ქ. ბ-იანის გარდაცვალებიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე გასული იყო მხოლოდ ორი თვე და სამი დღე, რაც კანონით არასაკმარისი დრო იყო უფლებამონაცვლეობის დასადგენად, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენას უფლებამონაცვლე ვერ შესძლებდა კანონით დადგენილ ვადაში, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ვადის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ანალოგიით და მოეცა გონივრული ვადა უფლებამონაცვლეობის დამატებითი საჭირო დოკუმენტაციის წარმოსადგენად, მაშინ, როცა სამკვიდრო მოწმობა გაიცემოდა სხვა სახელმწიფოში და ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა-გამოცვლისათვის საკმაოდ ხანგრძლივი დრო იყო საჭირო.

სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ქ. ბ-იანის მისამართზე გაგზავნილი უწყებების მიუხედავად, უფლებამოსილ პირს (უფლებამონაცვლეს) არ მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მიუთითებს საქმის განხილვაზე დაინტერესებული მხარის ინტერესის არარსებობაზე, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, არასწორია, ვინაიდან აღნიშნული დასტურდება კერძო საჩივარზე თანდართული ა. პ-იანის განცხადებით, რომლითაც მან 2010 წლის 3 მარტს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დედის _ ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად კი, კერძოO საჩივრის ავტორმა წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებში განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი ¹2/1979.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ა-ავამ მოითხოვა ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ ა. პ-იანის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ა. პ-იანის წარმომადგენელ დ. ა-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. დასახელებული ნორმა ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი გარდაიცვლება და, დავის არსიდან გამომდინარე, დასაშვებია საქმის წარმოების გაგრძელება მისი უფლებამონაცვლის მონაწილეობით.

ამავე კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში _ გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მითითებული ნორმა ადგენს საქმის წარმოების შეჩერების ვადას, რაც მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება 2009 წლის 21 სექტემბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ-იანის წარმომადგენელმა დ. ა-ავამ (იხ. ტ III ს.ფ. 425-435).

დადგენილია, რომ ქ. ბ-იანი გარდაიცვალა 2009 წლის 18 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანამდე (იხ. ს.ფ. 64).

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამონაცვლის დადგენამდე (ს.ფ. 61-63).

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით ქ. ბ-იანის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ქ. ბ-იანის გარდაცვალებიდან გასული იყო ერთ წელზე მეტი და აღნიშნულ დრომდე მისი უფლებამონაცვლე სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა. მხოლოდ, 2010 წლის 15 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ქ. ბ-იანის წარმომადგენელმა დ. ა-ავამ წარმოადგინა 2010 წლის 5 მარტს ა. პ-იანის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა და სომხეთის რესპუბლიკის, ერევნის შენგავითის მუნიციპალიტეტის სახლთმფლობელობა “ლილითის” მიერ 2009 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბ-იანის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენდა მისი ვაჟიშვილი ა. პ-იანი, რომლის კუთვნილ ბინაშიც იგი (ქ. ერევნის ... ქუჩა, სახლი 1, ბინა 12-ში) გარდაცვალებამდე ცხოვრობდა (ს.ფ. 130-134). ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტებით დ. ა-ავამ მოითხოვა ა. პ-იანის ცნობა ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო მართლზომიერად მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სასამართლო სხდომაზე დ. ა-ავამ აღნიშნა, რომ მას სხვა დოკუმენტი უფლებამონაცვლეობის დასადასტურებლად არ გააჩნდა (ს.ფ.128), ხოლო რაიმე შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამონაცვლეობის დასადასტურებლად შესაბამის მტკიცებულებას _ სამკვიდრო მოწმობას მოგვიანებით წარმოადგენდა, მას სასამართლო სხდომაზე არ დაუყენებია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა მასზე, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს სთხოვა გონივრული ვადა სამკვიდრო მოწმობის წარმოსადგენად, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მითითებული ცნობა არ წარმოადგენდა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ დოკუმენტს _ სამკვიდრო მოწმობას, რაც გახდებოდა საფუძველი ა. პ-იანის ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ ცნობისა.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქ. ბ-იანის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სასამართლოსათვის ცნობილ ქ. ბ-იანის მისამართზე ორჯერ გააგზავნა სასამართლო უწყებები, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, უფლებამოსილ პირს (უფლებამონაცვლეს) სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც ცხადყოფდა საქმის განხილვაზე დაინტერესებული მხარის ინტერესის არარსებობას. აღნიშნულის უარსაყოფად, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ა. პ-იანმა 2010 წლის 3 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დედის _ ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად კი, კერძოO საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ა. პ-იანის განცხადება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებში მითითებული განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი ¹2/1979 (ს.ფ. 161-164).

საკასაციო სასამართლო ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებებს ვერ მიიჩნევს ა. პ-იანის მიერ სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანის მტკიცებულებად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების (10.03.2010წ. ¹2/1979) სარეგისტრაციო ბარათში ა. პ-იანის მიერ კორესპონდენციის (განცხადება) სააპელაციო სასამართლოსათვის ჩაბარების დღედ მითითებულია 2010 წლის 10 მარტი, მაშინ, როდესაც კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ა. პ-იანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დედის _ქ. ბ-იანის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე განცხადებით მიმართა 2010 წლის 3 მარტს. ამასთან, აღნიშნული ბარათით არ ირკვევა, რომ 2010 წლის 10 მარტს სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებისათვის ჩაბარებული განცხადება წარმოადგენს სწორედ იმ გზავნილს (კორესპონდენციას), რომელზეც კერძო საჩივრის ავტორი საუბრობს. ამდენად, შეუძლებელია გაირკვეს, ა. პ-იანის მიერ გაგზავნილი რომელი კონკრეტული კორესპონდენციის სასამართლოსათვის ჩაბარებას ადასტურებს დასახელებული ბარათი.

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ბ-იანის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში, მხარემ ვერ უზრუნველყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის ქ. ბ-იანი უკვე გარდაცვლილი იყო და სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი _ დ. ა-ავა არ იყო აღჭურვილი დაინტერესებული პირის (უფლებამონაცვლის) მიერ გაცემული მინდობილობით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დ. ა-ავას სააპელაციო საჩივარი, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი, სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. პ-იანის წარმომადგენელ დ. ა-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება და ამავე სასამარტლოს 2010 წლის 15 სექტმებრის განჩინება

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.