საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.08.2020
საქმის ნომერი
2კ-296აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.08.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002993783

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №296აპ-20 ქ. თბილისი

ა. მ., 296აპ-20 7 აგვისტო, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28იანვრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით:

განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. ა–ს ბრალეულობას; არ არსებობს ავტობუსის ჩხრეკის კანონიერების საეჭვოდ მიჩნევის არანაირი საფუძველი; ჩხრეკის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პოლიციელებმა და ექსპერტებმა; გარდა ამისა, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალებზე დადასტურდა მ. ა–ს გენეტიკური პროფილის მაჟორული წილის არსებობა; პოლიციელთა ჩვენებებში არის მხოლოდ უმნიშვნელო წინააღმდეგობები.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ა–ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 მარტს, თ–ში, ...... ქ.N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ყვითელი ფერის „MAN-ის“ მარკის ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით .... ჩხრეკის შედეგად, რომელსაც მ. ა. მართავდა, ამოღებულ იქნა 14,58 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლისა“ და 0,6157 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი, შვიდ პაკეტად დაფასოებული - 697 აბი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენით მ. ა.- დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა მ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

გამართლებულ მ. ა–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ. აპელანტმა საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ. ა–ის ბრალეულობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი