საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.09.2020
საქმის ნომერი
2კ-476აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003097838

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №476აპ-20 ქ. თბილისი

ჯ. დ. , 476აპ-20 16 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ჯ.-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ჯ.-ს, - დაბადებულს ….. წელს, - ბრალად ედებოდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 8 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. რ.-ში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერებასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, ავტობაზრობის თანამშრომელმა დ. ჯ.-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. მ.-სა და გ. კ.-ს, კერძოდ, მანქანაში მჯდომ დ. მ.-ს მოქაჩა საყელო ხელით, ხოლო მეორე ხელის იდაყვი ჩაარტყა ცხვირის მიდამოში. მანქანიდან გადმოსულ გ. კ.-ს კი დ. ჯ.-მ დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი ცხვირის მიდამოში. დ. ჯ.-ის ქმედებით დ. მ.-მ და გ. კ.-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ცხვირის მიდამოში, რასაც არ გამოუწვევია მათი ჯანმრთელობის მოშლა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დ. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გაუქმდა დ. ჯ.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

განემარტა დ. ჯ.-ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას დ. ჯ.-ის მიმართ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. ჯ.-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დ. ჯ.-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილია დაზარალებულთა ჩვენებები, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და ამოცნობის ოქმები - ყველა ამ მტკიცებულებების პირველწყაროს კი წარმოადგენენ დაზარალებულები. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - დ. მ.-ისა და გ. კ.-ის მიერ მიცემული ჩვენებები როგორც კონფლიქტის დაწყების, ასევე ფიზიკური დაზიანებების მიყენების ნაწილში სრულად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - დ. თ.-ისა და ა. ჩ.-ის და ასევე, თავად დ. ჯ.-ის ჩვენებებს (ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული დ. მ. თავის ჩვენებაში (23.09.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:41 საათი, 17:53 საათი), არ ადასტურებს მასთან პარკინგის კონტროლიორის მისვლის ფაქტს, შესაბამისად, მისი ჩვენება კონფლიქტის დაწყების ფაქტთან დაკავშირებით, არც ბრალდების მხარის მოწმის - გ. ა.-ის ჩვენებასთან არის თანხვდენილი). ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ. ჯ.-ის სხეულსა (ხელის მტევნებზე, მკლავებზე) და მაისურზე არ აღინიშნება ძალადობაში მონაწილე პირისთვის დამახასიათებელი დაზიანებები, დაუდგენელია, ვისი სისხლის ლაქა აღინიშნებოდა დ. ჯ.-ის მაისურზე.

9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულებს ნამდვილად ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ მიაყენა მათ (დ. ჯ.-მ თუ სხვა პირმა) დაზიანებები.

10. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა და გამომზიებლებმა დაადასტურეს შესაბამისად - მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა; კონფლიქტის თაობაზე მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია კი ირიბი ჩვენებაა, ვინაიდან ეფუძნება დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოწმე გ. ა. კი კონფლიქტის დასაწყისისა და დასასრულის თვითმხილველია, მას არ უნახავს, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა დაზარალებულებს დაზიანები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ. ჯ.-ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის არგუმენტაციას, რომ ბრალდების მხარის გადასაწყვეტია, თუ რა მტკიცებულებას წარადგენს საკუთარი პოზიციის დასაბუთებისათვის; ამასთან, მიუთითებს, რომ სასამართლო აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მხოლოდ დასაშვებობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას პირის დამნაშავედ თუ უდანაშულოდ ცნობის შესახებ.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე