საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №878აპ-19 ქ. თბილისი
კვანტალიანი ვიქტორ, 878აპ-19 5 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განაჩენით ზ. გ. არის ყაჩაღობისათვის ნასამართლევი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. ა. ნასამართლევია ქურდობისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენით დ. მ. ნასამართლევია ყაჩაღობისთვის.
1.2.2018 წლის ნოემბერში ზ. გ-ის, გ. გ-ის, დ. მ-ას, ვ. კ-სა და გ. ა-სათვის ცნობილი გახდა, რომ თ-ოს რაიონის სოფელ ნ-ში მცხოვრებ ტ. ჩ-ს გააჩნდა მნიშვნელოვანი ოდენობის ფულადი დანაზოგი, რასაც იგი ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში. მათ განიზრახეს, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დასხმოდნენ ტ. ჩო-ის ოჯახს და ამ გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ მისი კუთვნილი თანხა. ამ მიზნით მათ დაიწყეს დანაშაულის ჩასადენად პირობების განზრახ შექმნა, მოიძიეს ყაჩაღობის ჩასადენად განკუთვნილი სხვადასხვა ნივთი, რომელთა შორის აღსანიშნავია მცირე ზომისა და ფორმის დანები, წებოვანი ლენტი, დამატებით სხვა ტანსაცმელი, ხელთათმანები და კუსტარულად დამზადებული ნიღბები, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ მომავალში თავიანთი მხილების რისკი. ამავდროულად, თანამზრახველებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოიპოვეს ხორცი და ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებითაც აპირებდნენ ტ. ჩ-ის ეზოში ძაღლის მოწამვლასა და გაუვნებელყოფას. აღნიშნული ნივთები ზემოხსენებულმა თანაამსრულებლებმა მოათავსეს „მიცუბიშის“ მარკის „პაჯეროს“ მოდელის ავტომანქანაში და 2018 წლის 20 ნოემბერს ერთობლივად გაემართნენ თ-ოს რაიონის სოფელ ნ-ის მიმართულებით, თუმცა მათი დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება მომზადების ეტაპზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თ-ოს რაიონში, კ-ის გზატკეცილის პირველი კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღკვეთეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით:
2.1.ვ. კ., - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ვ. კ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.2.გ. გ., - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გ. გ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3.ზ. გ., - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ზ. გ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.4.გ. ა. - - - ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.5.დ. მ. - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. დ. მ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ვ. კ-ს, გ. გ-ს, ზ. გ-ს, გ. ა-სა და დ. მ-ას განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. კასატორი - პროკურორი ვასილ სამხარაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ის, დ. მ-ას, ზ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ. გ-სა და ვ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
6. კასატორის მითითებით, ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებითა და მიღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ გ. ა-ს, დ. მ-ას, ვ. კ-ს, ზ. გ-სა და გ. გ-ს განზრახული ჰქონდათ, ჩაედინათ დანაშაული. მათ ყაჩაღობის მომზადების მიზნით სწორად მოიძიეს ზემოაღნიშნული ნივთები და გაემართნენ თ-ოს სოფელ ნ-ის მიმართულებით, სადაც დაზარალებულის სახლი მდებარეობდა. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებზე დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ გ. ა-ს, დ. მ-ს, ვ. კ-ს, ზ. გ-სა და გ. გ-ს შემხებლობა ჰქონდათ მოცემულ ნივთებთან. ამასთან, ამოღებული ხორცის მასა დაახლოებით 700 გრამია, რაც თავისთავად ხუთი კაცის საკვებად არასაკმარისია, მითუმეტეს, რომ ხორცის ჭრილებში მოთავსებული იყო „იზონიაზიდის“ შემცველი ტაბლეტის ნატეხები.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. კ-ის, გ. გ-ის, ზ. გ-ის, გ. ა-სა და დ. მ-ას მიერ ყაჩაღობის მომზადების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის. კასატორის არგუმენტებს (მათ შორის, რომ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხორცი განკუთვნილი იყო ძაღლის მოსაწამლად) სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა. სხვა გარემოებაზე კი, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი