საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.09.2020
საქმის ნომერი
2კ-744აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #120100118002249270

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №744აპ-18 ქ. თბილისი

თ–ი მ.,744აპ-18 15 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. თ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: დაზარალებულ გ. კ–ისა და მოწმე რ. მ–ის ჩვენებებით, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ექსპერტ დ. მ–ის ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია მ. თ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მ. თ–ის ჩვენება, ვინაიდან იგი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. თ–ს ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მ. თ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ. თ–მ 2017 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ........ში, ............ ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. კ–ს, კერძოდ: ორჯერ ხელი დაარტყა სახესა და კეფაში, რის შედეგადაც გ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით მ. თ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათით.

გაუქმდა მ. თ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: მ. თ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

- მსჯავრდებულ მ. თ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ხ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენის გაუქმება და მ. თ–ის გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ მ. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი გაუქმდა.

მ. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მიხეილ თაბაგარს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

გაუქმდა მ. თ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

6.საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებასწარდგენილ ბრალდებაში მ. თ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებლ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მის ბრალეულობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი