საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.09.2020
საქმის ნომერი
2კ-9აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100112002406813

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №9აპ-19 ქ. თბილისი

ვ–ი ი., 9აპ-19 29 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი ვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ვანიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; ი. ვ–ი იყო გარდაცვლილის მკურნალი ექიმი, რის შესაბამისადაც, სწორედ მას ევალებოდა ოპერაციის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი და მისი საავადმყოფოდან გაწერა, ისე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა, რაც მან ვერ უზრუნველყო და გამოიჩინა დაუდევრობა, რამაც შედეგად პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ვ–ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 7 მარტს პაციენტ ს. ლ–ს ..........ში, ............ გამზირის N...-ში მდებარე შპს ,,............“, მისი მკურნალი ექიმის ზ. ა–ის ხელმძღვანელობით და ამ უკანასკნელის პირველი ასისტენტის, ი. ვ–ის მონაწილეობით, ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია - ხერხემლის კორექცია CD ინსტრუმენტით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციიდან 24 საათში განუვითარდა ბრონქოპნევმონია. გაწერის წინა დღეს პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება, რის გამოც ს. ლ–ის დედამ გამოიძახა პედიატრი ლ. ლ–ე. გასინჯვის შემდეგ პედიატრმა ავადმყოფობის ისტორიაში შეასრულა შემდეგი ჩანაწერი: ,,ფილტვის მოსმენით მარჯვენა ზედა და შუა ნაწილებში სუნთქვა იყო შესუსტებული, ხოლო მარცხნივ ისმინებოდა ვეზიკულური სუნთქვა“. მარჯვენა ფილტვის ზედა და შუა ნაწილებში სუნთქვის შესუსტების ფაქტი მოითხოვდა სათანადო შეფასებასა და გამოკვლევებს: სისხლის საერთო ანალიზის, სპირომეტრიის, გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებას.

პაციენტის მკურნალობასა და საავადმყოფოდან გაწერაზე პასუხისმგებელმა პირებმა - ზ. ა–მ და ი. ვ–მ გამოიჩინეს დანაშაულებრივი დაუდევრობა და პაციენტს არ ჩაუტარეს სათანადო გამოკვლევები, რის გამოც ვერ დაისვა სწორი დიაგნოზი და არც შესაბამისი მკურნალობა ჩატარებულა. მათ გამოიჩინეს დანაშაულებრივი თვითიმედოვნება, ივარაუდეს, რომ ანალოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდს ზოგადად ახასიათებს ტემპერატურის მომატება. ამასთან, არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ პაციენტი ს. ლ–ი იყო შეზღუდული შესაძლებლობის, ოპერაციის დღეს აღენიშნებოდა მენსტრუაციული ციკლი, რაც ყოველთვის ამძიმებს პოსტოპერაციულ პერიოდს, მდგომარეობა სათანადოდ ვერ შეაფასეს და პაციენტი კლინიკიდან 2012 წლის 13 მარტს გაწერეს სახლში. ექიმ ზ. ა–ისა და ი. ვ–ის დანაშაულებრივმა დაუდევრობამ და თვითიმედოვნებამ გამოიწვია პაციენტ ს. ლ–ის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. პაციენტი ს. ლ–ი 2012 წლის 15 მარტს, 01:35 საათზე, ............ სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

2012 წლის 21 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ს. ლ–ის გარდაცვალების მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ორმხრივი ბრონქოპნევმონიის შედეგად, მწვავე ჰეპატიტისა და მწვავე პიელონეფრიტის ფონზე, ხოლო 2012 წლის 26 სექტემბრის კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ს. ლ–ის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდა ბრონქოპნევმონია, მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზით, მწვავე პიელონეფრიტი, რაც განვითარდა ოპერაციის შემდგომ, პირველი 24 საათის განმავლობაში. მენსტრუაციული ციკლის დროს გეგმიური ოპერაცია შეძლებისდაგვარად უნდა გადავადდეს, თუ ამის შესაძლებლობას პაციენტის მდგომარეობა იძლევა. თანმხლები დაავადების არსებობა ყოველთვის ამძიმებს პოსტოპერაციულ პერიოდს. ს. ლ–ის გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა კლინიკაში დარჩენის, სათანადო კვლევების, სწორად დასმული დიაგნოზისა და სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით ი. ვ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ვ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა

გამართლებულ ი. ვ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ გიორგი ვანიძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. ვ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8.საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივებს ი. ვ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სწორედ ი. ვ–ი იყო პასუხისმგებელი, პაციენტისათვის ჩაეტარებინა კონკრეტული დამატებითი კვლევები და მიეღო მისი გაწერის შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ თუ მას დამატებითი კვლევა ჩაუტარდებოდა, იგი გადარჩებოდა. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე ამომწურავად აქვს ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი არ მიუთითებს.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.გადაწყვეტილება - „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ. გადაწყვეტილებები - „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v Georgia), no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; „მარინი ალბანეთის წინააღმდეგ“ (Marini v. Albania), no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი ვანიძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი