საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.10.2020
საქმის ნომერი
2კ-155აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002576626

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №155აპ-19 ქ. თბილისი

ს–ე გ.,155აპ-19 2 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ს–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ს–ის ბრალეულობა მათ შორის - მუქარის ბრალდების ეპიზოდშიც, კერძოდ: მოწმეებმა, პატრულ-ინსპექტორებმა - გ. გ–მა და ი. მ–მა განმარტეს, რომ 2018 წლის 27 ივნისს ........ის მასივის მე-... კვარტალში შენიშნეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უყვიროდა მოხუცს, რომელმაც მათ დახმარება სთხოვა. პოლიციის დანახვაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გაიქცა, ხოლო ხანში შესულმა მათ წარუდგინა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, გაქცეულ მამაკაცს - გ. ს–ს ეკრძალებოდა თავის პაპასთან მისვლა; მოწმე თ. ს–მაც დაადასტურა, რომ გ. ს–ე ხშირად ხდებოდა აგრესიული პაპის მიმართ.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ს–ს ბრალი დაედო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ; ასევე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გ. ს–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 20 ივნისს გ. ს–ის მიმართ მის მიერ თავისი პაპის - ა. რ–სათვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი - 013122, რომლის მიხედვითაც, გ. ს–ს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილებით გ. ს–ე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ..............ში, ......ის მასივის მე-.. კვარტალში, ადმინისტრაციულსახდელდადებული გ. ს–ე მიუახლოვდა პაპას - ა. რ–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გ. ს–ე თავის 76 წლის პაპას - ა. რ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, აგინებდა და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული მუდმივ სტრესში იყო და განიცდიდა მორალურ ტანჯვას. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ..............ში, .............ის მასივის მე-.. კვარტალში, სუპერმარკეტ ,,.......ს“ მიმდებარედ, გ. ს–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პაპას - ა. რ–ს, რაც შვილიშვილის მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამცირებისა და შევიწროების გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე გ. ს–ე ადმინისტრაციული წესით იყო დაპატიმრებული, ა. რ–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ. ს–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ს–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან.

გაუქმდა გ. ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ. ს–ის ბრალეულობა მუქარის ეპიზოდშიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც განსახილველი საქმის მასალებით ირკვევა, დაზარალებულმა ა. რ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და ახლო ნათესავის, თავისი შვილიშვილის - გ. ს–ის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რის გამოც არ დგინდება, დაზარალებულმა გ. ს–ის მუქარა აღიქვა თუ არა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, ეს გარემოება ასევე არ დგინდება საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის - შემთხვევის შემსწრე პოლიციელების - გ. გ–ისა და ი. მ–ის, ასევე დაზარალებულის შვილიშვილის - თ. ს–ის ჩვენებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებას გ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი