დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-196-185-2011 10 მაისი, 2011 წელი,ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. გ-ძემ და გ. ხ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. დ-შვილის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 23 ოქტომბერს, ქ. გორში, ... ქ. ¹98-ში მცხოვრებმა გ. დ-შვილმა ნაწილობრივ დაანგრია ... ქ. ¹96-ში მდებარე მოსარჩელე თ. გ-ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის. პირველი სართულის კედელი. კედლის დანგრევის შესახებ გორის რაიონული პროკურატურის მიერ დაწყებული წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ¹11060987 2007 წლის 27 დეკემბერს შეწყდა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. კედლის ნაწილობრივ დანგრევამ გამოიწვია იქ არსებული ნივთების, კერძოდ: სამილიტრიანი ხუთი ქილის, ორლიტრიან შვიდი ქილის, ოცდაორლიტრიანი ორი ბოცის განადგურება. გ. დ-შვილის მიერ მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 412.50 (ოთხას თორმეტი და ორმოცდაათი) ლარი, კედლის დანგრევის დროს სახლში იმყოფებოდა მხოლოდ არასრულწლოვანი გ. ხ-ძე, რომელსაც, კედლის ნგრევის შედეგად განცდილი შიშისა და ემოციური სტრესის გამო, დაუზიანდა ჯანმრთელობა: ჩამოუყალიბდა ლოგონევროზი, რომლის მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 91,64 (ოთხოცდათერთმეტი და სამოცდაოთხი) ლარი. კედლის დანგრევის ფაქტზე განცდილი ნერვიულობის შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა თ. გ-ძეს, დაეწყო ყურის ტკივილი და ჩამოუყალიბდა სახის ნერვის პარეზი, რომლის მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 185.28 (ას ოთხმოცდახუთი და ოცდარვა) ლარი. კუთვნილი ქონების განადგურებით, რაც მოპასუხის მიერ თ. გ-ძის კუთვნილი კედლის ნაწილობრივ დანგრევაში გამოიხატა, თ. გ-ძემ მიიღო სულიერი ტრავმა. ნერვული სტრესი გამოიწვია იმ გარემოებამაც, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი, გ. ხ-ძე, კედლის ნგრევის დროს მარტო იმყოფებოდა სახლში. ნერვიულობის შედეგად თ. გ-ძეს შეერყა ჯანმრთელობა და მორალური ტრავმა. გ. ხ-ძის მორალური ზიანიც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანებამ, კედლის ნგრევის შედეგად განცდილი შიშისა და ნერვიულობის შედეგად მას ჩამოუყალიბდა ლოგონევროზი.
მოპასუხე გ. დ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კედელი, რომელიც 2006 წლის 23 ოქტომბერს ნაწილობრივ დაანგრია, წარმოადგენდა საზიარო კედელს თ. გ-ძესთან და მისი დანგრევა დაევალა გორის რაიონის გამგეობასთან არსებული ტექნიკური კომისიის 2006 წლის 12 ოქტომბრის ¹104 წერილის საფუძველზე და, შესაბამისად, დანგრევა განხორციელდა მართლზომიერად. სისხლის სამართლის საქმეზე ¹11060987, რომელიც იქნა აღძრული კედლის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება შეწყდა ამნისტიის აქტის საფუძველზე და სისხლის სამართლის საქმეზე არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი.
კედლის დანგრევას მოსარჩელეთა კუთვნილი რაიმე ნივთის დაზიანება ან განადგურება არ გამოუწვევია, ასევე არც მოსარჩელეთა ჯანმრთელობის დაზიანება გამოუწვევია. მოსარჩელეთა დაავადებებსა და 2006 წლის 23 ოქტომბერს კედლის ნაწილობრივ დანგრევას შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით თ. გ-ძისა და გ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. დ-შვილს თ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი გ. ხ-ძის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა თ. გ-ძისა და გ. ხ-ძის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რაც აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-ძემ და გ. ხ-ძემ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ძისა და გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.
პალატამ გაიზიარა დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.გორში, ... ქ.¹96 მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თ. გ-ძის საკუთრებას 2003 წლიდან. ქ.გორში, ... ქ.¹98-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ირიცხებოდა დ. დტ-შვილის სახელზე. გ. ხ-ძე და თ. გ-ძე ცხოვრობენ ქ.გორში, ... ქ.¹96-ში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მოპასუხე გ. დ-შვილი 2006 წლის ოქტომბერში ცხოვრობდა და ცხოვრობს ქ.გორში, ... ქ.¹98-ში მდებარე დ. დტ-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში. 2006 წლის 23 ოქტომბერს გ. დ-შვილმა ნაწილობრივ დაანგრია ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კედელი. მოცემულ ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება და გ. დ-შვილი ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად. სისხლის სამართლის ¹11060987 საქმეს გაუერთიანდა 2007 წლის 14 აგვისტოს შსს გორის რაიონულ სამმართველოში თ. გ-ძის განცხადების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ¹11070727 თ. გ-ძის მიმართ მუქარის ფაქტზე. 2007 წლის 26 დეკემბერს სისხლის სამართლის ¹11060987 საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება «ამნისტიის” შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო მუქარის ნაწილში _ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. 2006 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხის მიერ კედლის ნაწილობრივი დანგრევის შედეგად გ. ხ-ძესა და თ. გ-ძეს სხეულის ფიზიკური დაზიანება არ მიუღიათ. 2006 წლის 23 ოქტომბერს გ. დ-შვილის მიერ ... ქუჩაზე ნაწილობრივ დანგრეული კედელი არ წარმოადგენდა მის საზიარო კედელს თ. გ-ძესთან. 2006 წლის 23 ოქტომბერს გ. დ-შვილის მიერ ნაწილობრივ დანგრეული კედელი არ იყო საზიარო არც თ. გ-ძესთან და არც დ. ტ-შვილთან, და იგი მდებარეობდა საერთო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე. 2006 წლის 23 ოქტომბერს გ. დ-შვილის მიერ კედლის ნაწილობრივი დანგრევა განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
პალატამM Mმიიჩნია, რომ 2006 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხე გ. დ-შვილის მიერ ნაწილობრივ დანგრეული კედლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის მტკიცებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნა შედგენილი იყო 2008 წლის 28 თებერვალს, კედლის ნაწილობრივი დანგრევიდან წელიწადნახევრის შემდეგ და, შესაბამისად, განსაზღვრავდა მისი შედგენის დროისათვის სამშენებლო მასალების, ასევე მუშახელისა და მათ კვებაზე გაწეული ხარჯების ზოგად აღწერა-შეფასებას. ამასთან, აუდიტორული დასკვნა არ მიუთითებდა, რომ შესაბამისი ღირებულების მასალა და სამუშაო სწორედ ქ.გორში, ... ქუჩაზე 2006 წელს ნაწილობრივ დანგრეული კედელის აღსადგენად იყო საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს დანგრეული კედლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა. პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სწორად მიიჩნია, რომ ნაწილობრივ დანგრეული კედლის აღსადგენად აუცილებელი ხარჯების და, შესაბამისად, მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა შეადგენდა 99 ლარს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა, რომ საქმეში არსებული აუდიტის დასკვნა კონკრეტულად, 2006 წლის 23 ოქტომბერს გ. დ-შვილის მიერ ნაწილობრივ დანგრეული კედლის აღსადგენად საჭირო სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით იქნა შედგენილი.
აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. დ-შვილის მიერ კედლის ნაწილობრივმა დანგრევამ გამოიწვია თ. გ-ძის კუთვნილი ნივთების დამსხვრევა პალატამ ასევე არ გაიზიარა და მიუთითა 2010 წლის 28 თებერვლის აუდიტორულ დასკვნაზე. აღნიშნული დასკვნით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ 2006 წელს ქ.გორში ... ქუჩაზე განადგურდა თ. გ-ძის კუთვნილი ნივთები.
აპელანტის მოსაზრება, რომ გ. დ-შვილის მიერ 2006 წლის 23 ოქტომბერს კედლის ნაწილობრივმა დანგრევამ გამოიწვია მოსარჩელეთა ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მათი მკურნალობის ხარჯები, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ: მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა და ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე გ. დ-შვილს ზიანის ანაზღაურება ვერ დაეკისრება. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ასევე არ არსებობს არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების დაკისრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-ძემ შემდეგი დასაბუთებით: გ. დ-შვილს არასოდეს გაუხდია სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დასკვნა სწორედ მის მიერ დანგრეული კედლის აღსადგენად საჭირო სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით იქნა შედგენილი. უფრო მეტიც, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოაქვეყნა 2009 წლის 8 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც გარკვევითაა ნათქვამი, რომ ის თანახმაა, სწორედ აუდიტის დასკვნით გაანგარიშებული თანხა ანუ 412 ლარი გადაიხადოს. ამ აღიარებით დ-შვილი ადასტურებს არა მარტო შეფასების სიზუსტეს, არამედ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული დასკვნა სწორედ მის მიერ დანგრეული კედლის აღსადგენად საჭირო სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით შედგა. სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და იმ მოტივით, რომ არ არსებობდა კავშირი დ-შვილის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, არ დააკისრა მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია სამოქალაქო კოდექსის 413-ე და 992-ე მუხლების საფუძველზე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.