საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010100118002392418
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№250აპ-19 ქ. თბილისი
ტ–ი გ.,250აპ-19 21 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე(თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ტ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგი საფუძვლებით: გ. ტ–ის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალიზაციას, ვინაიდან მსჯავრდებულმა, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, სრულად არ აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და არც გააჩნია ამის სურვილი. ამასთან, მას ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა ზიანის ასანაზღაურებლად.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. ტ–ი, - დაბადებული ........ წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა მსჯავრდებულ გ. ტ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ. ც–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. .........ში, ........ის ქ. №.....-ში (ზონა - ...... - .., სექტორი - .., კვარტალი -.., ნაკვეთი - .., კოდი: .....)) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის წილს.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 ივლისს გ. ტ–მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითობით დაუფლებოდა შპს „.....“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნულ დროს გ. ტ–ი მუშაობდა ქალაქ .....ის მუნიციპალიტეტის ..............ის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1120 ლარს. იმ გარემოების გამოსარიცხად, რომ აღნიშნული ხელფასი არ იქნებოდა საკმარისი შპს „........“ საკრედიტო ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ. ტ–მა 2017 წლის 8 ივლისს ქ. ......ში, ........ის ქ. №..-ში განთავსებულ ავტოსალიზინგო კომპანია შპს „......“ წარმომადგენლების მოტყუებისა და ნდობის მოსაპოვებლად, წარადგინა შპს „......თან“ 2016 წლის 10 მარტით დათარიღებული №.. ყალბი ხელშეკრულება და 2017 წლის 8 ივლისით დათარიღებული შპს „........ის“ მიერ გაცემული ყალბი სახელფასო ცნობა, რომ თითქოსდა ის მუშაობდა შპს „........ში“ და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა - 2500 ლარს. ყალბი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გ. ტ–მა 2017 წლის 8 ივლისს, შპს „.....თან“ გააფორმა ფინანსური ლიზინგის N..... ხელშეკრულება, რითაც შ.პ.ს. „....მ“, გ. ტ–საგან 23500 ლარად შეიძინა და თავის სახელზე დაირეგისტრირა ........ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „BMW“-ს მარკის ავტომანქანა. ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის თანხა განისაზღვრა 23970 ლარით, ყოველთვიურად 5%-იან სარგებელთან ერთად - 1235,33 ლარით, რაც 2023 წლის 8 ივლისამდე უნდა დაფარულიყო. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს „.....მ“, გ. ტ–ს, როგორც ლიზინგის მიმღებს, აღნიშნული ავტომანქანა გადასცა ფლობის, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ ამავე ხელშეკრულების 11.12 მუხლის შესაბამისად, შპს „.....ს“ სათანადო მინდობილობის გარეშე გიგა ტუხაშვილს ეკრძალებოდა ავტომანქანის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა.
2017 წლის 8 ივლისის ფინანსური ლიზინგის N............ ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „.....“ „.....“ გახსნილ გ. ტ–ის კუთვნილ №............ ანგარიშზე 23500 ლარი ჩარიცხა. იმავე დღეს, ზემოთ ხსენებული თანხის ნაწილი – 10000 ლარი გ. ტ–მა მიიღო .........ში, .......... ქუჩის №.-ში მდებარე „............ ბანკის“ ექსპრეს ფილიალში, ხოლო დარჩენილი 13 500 ლარი მიიღო ქ. ........ში, ............ ქუჩის №..-ში მდებარე „............... ბანკის“ ექსპრესფილიალში. შპს „....“ წარმომადგენლების მოტყუების, მათ მიმართ აღებული ვალდებულების თავიდან არიდებისა და ხსენებული ფირმის დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების განზრახვით, მიუხედავად იმისა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით, გ. ტ–ი ვალდებული იყო შპს „....გან“ მიეღო ხსენებული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანისათვის საჭირო მინდობილობა, 2017 წლის 8 ივლისს, მან შპს „მოგოს“ მინდობილობისა და სათანადო ნებართვის გარეშე, ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალება „....ის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაიყვანა ............ის რესპუბლიკაში და .............ში უკან აღარ შემოუყვანია, რის შედეგადაც გ. ტ–ი შ.პ.ს. „.....გან“ მიღებულ დიდი ოდენობით თანხას – 23 500 ლარს თაღლითურად დაეუფლა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ნათია გორგილაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა)საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავსსამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ გიგა ტუხაშვილისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნაწილობრივ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, მისთვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც მისი დამძიმება მიზანშეუწონელია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი